ჯეიმს აპატურაი: ნატო არ აღიარებს 12 მარტს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს
„ნატო არ აღიარებს 12 მარტს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ჯეიმს აპატურაის განცხადება ნატოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
„ნატო არ აღიარებს 12 მარტს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას“, – აღნიშნულია აპატურაის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტში“ არჩევნების მეორე ტური 26 მარტს გაიმართება.
„12 დეპუტატი არჩეულია. 22 ოლქში მეორე ტური 26 მარტს გაიმართება. ერთ ოლქში კი ხელახალი არჩევნები 2 თვეში ჩატარდება“, – განუცხადეს “რია ნოვოსტის“ ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.