საპატრიარქოს იურისტი: ე.წ ციანიდის საქმის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სოსო ოხანაშვილია

ე.წ ციანიდის საქმის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი პატრიარქის დაცვის უფროსი – სოსო ოხანაშვილია. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „კვირის პალიტრა“ საპატრიარქოს იურისტზე, ედიშერ ქარჩავაზე დაყრდნობით აქვეყნებს.
როგორც გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ქარჩავამ განაცხადა, სოსო ოხანაშვილთან დეკანოზ გიორგი მამალაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ამასთან, ქარჩავას თქმით, ფაქტები ცხადყოფენ, რომ მამა გიორგი ციანიდის შეძენით დაინტერესებული იყო. რაც შეეხება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის დაკითხვას, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან შორენა თეთრუაშვილს გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.
„შორენამ პროკურატურის ყველა კითხვას გასცა პასუხი. აქცენტი გაკეთდა იმაზეც, თითქოს ქალბატონი შორენა იყო დაინტერესებული მამა გიორგის დაკავებით. ეს ტყუილია, მას არავის დაკავების მოთხოვნით არ მიუმართავს გამოძიებისთვის. თეთრუაშვილი დაკითხეს მოწმის სტატუსით. ეჭვს ვერ შევიტან იმ ვიდეოფირის ნამდვილობაში, რაც საზოგადოებამ ნახა. მის ავთენტურობას, ფაქტობრივად, მამა გიორგის ადვოკატებიც ადასტურებენ. ფაქტები ღაღადებენ იმაზე, რომ მამა გიორგი დაინტერესებული იყო ციანიდის შეძენით. მამა გიორგი ძალიან ცუდ გზაზე იდგა. ვერ შეასრულა, რაც უნდოდა. უნდოდა თუ არა ვინმეს მოკვლა, გამოძიების პრეროგატივაა. არა მგონია, მას თავისი ინიციატივით ემოქმედა. თავად ეკლესიაა დაინტერესებული, რომ გამოაშკარავდეს ყველა ის პირი, ყველა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება. თუ მამა გიორგის რაიმე განზრახვა ჰქონდა, მას სატელეფონო ან სხვა სახის კონტაქტი ექნებოდა გერმანიაში მყოფ პირებთან. გერმანიაში მყოფი პირების წრე კი ცნობილია“, – განაცხადა ქარჩავამ და აღნიშნა, რომ ყველა ის პირი, ვინც პატრიარქს გერმანიაში ახლდა დაკითხულია, მათ შორის მეუფე დიმიტრიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები