„აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას წარმოადგენს“
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები თუ რეფერენდუმი არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს.
„ე.წ. საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთის რეგიონში ტარდება იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და ოკუპირებული ტერიტორიების ინტენსიური მილიტარიზაციის პარალელურად, აგრძელებს მათ ფაქტობრივ ანექსიას, რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ინტეგრაციის გზით. ამავდროულად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს წართმეული აქვთ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, ადგილზე დარჩენილი მოსახლეობა კი იმყოფება მუდმივი ეთნიკური დისკრიმინაციის ქვეშ, უხეშად ირღვევა რა მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ამ ფონზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე წვდომის შესაძლებლობა“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, ჯეროვნად შეაფასოს აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.