ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები იმართება. სააგენტო „აბხაზია-ინფორმის“ ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის ვალერი ბგანბას განცხადებით, ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთში რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებელს ელოდებიან.
მისი თქმით, მოწვევა გაეგზავნა ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას იმ ქვეყნებში, ვინც „აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა“, ასევე, რამდენიმე ათეულ უცხოურ ორგანიზაციას, ვინც არჩევნების მონიტორინგს ეწევა.
ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში, სადაც ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა ცხოვრობს, ერთი საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც ხმის მიცემა რაიონში მცხოვრებ მხოლოდ 285 ადამიანს აქვს. მთლიანად, გალის რაიონში დღეისათვის დაახლოებით 50 ათასი პირი ცხოვრობს.