გიორგი აბაშიშვილი მამუკა მდინარაძეს პასუხობს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარიძის განცხადებას ეხმაურება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის არსებულ მოდელში ამ ეტაპზე, არ არის წარმოდგენილი საზოგადოების აზრი.
”საკონსტიტუციო კომისიის ცალკეულ წევრებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარებს არ გავაკეთებთ. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს კონსტიტუციის წერას, განხილვას საერთო-სახალხო ფორმატში, ანუ საზოგადოების მეტ ჩართულობას კონსტიტუციის წერის ფორმატში. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო კომისიის არსებული მოდელი ამ მოთხოვნებს ვერანაირად ვერ პასუხობს და ამ ეტაპზე, მასში წარმოდგენილი არ არის საზოგადოების აზრი. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ კამპანია ”კონსტიტუცია ყველასია”, რაც მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვნად დაეხმარება საკონსტიტუციო კომისიას, რომ გადაწყვეტილებების მიღების დროს, მასში რეალურად იყოს ასახული ქართველი საზოგადოების აზრი და საქართველოს თითოეული მოქალაქის პოზიცია”, – განაცხადა აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, მთავარია, რომ ამ პროცესში საზოგადოების თითოეული წევრის მონაწილეობა უზრუნველყოფილი იყოს.
”ჩვენ დავიწყებთ კამპანიას, დავაანონსებთ მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველგან, ყველა ქალაქში ჩავალთ, შევხვდებით საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა ფორმატში. ჩვენთან ერთად იქნებიან საკონსტიტუციო კომისიის წევრები, რომლებსაც შეეძლებათ, რომ საკუთარი აზრი დააფიქსირონ საკონსტიტუციო კომისიის მიმდინარეობის პროცესშიც, ხოლო მას შემდგომ, რაც საკონსტიტუციო კომისია დოკუმენტის სამუშაო ვერსიას შექმნის და დაიწყებს საერთო-სახალხო განხილვებს, ჩვენ საკონსტიტუციო კომისიას დავეხმარებით ამ შეხვედრების ტექნიკურ და შინაარსობრივ ორგანიზებაში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე საკმაოდ ბევრი სამუშაო გვექნება გაწეული. რაც მთავარია, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ საზოგადოების თითოეული წევრის მონაწილეობა ამ პროცესში”, – განაცხადა აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საერთო-სახალხო განხილვაზე პროექტი გააქვს პარლამენტს და არა პრეზიდენტს.
”რაც შეეხება საყოველთაო-სახალხო განხილვას, მას აქვს კანონით განსაზღვრული კონკრეტული დრო. როდესაც იქმნება ცვლილებების პროექტი, ამის შემდეგ მან აუცილებლად უნდა გაიაროს საყოველთაო-სახალხო განხილვა ერთი თვის ვადაში. ეს პროცესი პრეზიდენტმა დღეს თავის თავზე აიღო, მაგრამ არის რამდენიმე პრობლემა: პირველი – სახალხო განხილვაზე კანონით, პროექტი გააქვს პარლამენტს და არა პრეზიდენტს და მეორე, ჯერ პროექტი არ არსებობს და რას სთავაზობს პრეზიდენტი საზოგადოებას განსახილველად, საინტერესოა? მაპატიეთ მცირე ირონია, მაგრამ გარკვეული წრეების მიერ დაგეგმილმა პოლიტიკურმა პიარმა მართლაც სასაცილო სახე მიიღო. შესაბამისად, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, აბსოლუტურად გულწრფელად ვურჩევ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ჩაერთოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, რაც შედარებით გამოასწორებს აქამდე დაშვებულ შეცდომებს, რომელსაც არა მხოლოდ იურისტები და პოლიტიკოსები, არამედ ნებისმიერი მოქალაქე კარგად ხვდება”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები