ალბომის „საქართველოს დამფუძნებელი კრება – 1919″ წარდგინება გაიმართება

12 მარტს, 15.00 საათზე,  საქართველოს მწერალთა სახლში ალბომის – „საქართველოს დამფუძნებელი კრება – 1919″ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 2014-2016 წლებში „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ“ მოამზადა საქართველოს დამფუძნებელი კრების მემორიალური ალბომი, რომელიც აერთიანებს კრების მუშაობის ისტორიას, პოლიტიკური ბრძოლის ქრონიკას (1921-1980) და 145 დეპუტატის ბიოგრაფიას.
„…ლოცვა-კურთხევით მოიგონებს მომავალი თაობა, მადლიერი ჩვენს დემოკრატიასა და მის მთავრობას, რომელმაც ერთად ერთმა არ დაჰკარგა გონება, არ მიეცა სასოწარკვეთლებას – ამ საერთო განცდის დროს. მხოლოდ ამ დემოკრატიამ გადაარჩინა ჩვენი პატარა ნავი, მწარე ხვედრს დიდი რევოლიუციის, დიდი გემისა, რომელზედაც მთელი 100 წლის მანძილზე მიკრული იყო მაგარი ჯაჭვით. მხოლოთ მან ერთმა ააცილა ეს ნავი ათასგვარ დაბრკოლებას და კლდეებს, ანარქიის უძირო ზღვაში ამოზიდულთ და მოიყვანა აქ, ამ სამშვიდობოში, ამ დიად და ძვირფას განძით, დამფუძნებელ კრებით!“ – ამ სიტყვებით გახსნა 1919 წლის 12 მარტს, უხუცესმა დეპუტატმა – სილიბისტრო ჯიბლაძემ  საყოველთაო, თანასწორი პირდაპირი და ფარული წესით არჩეული საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა.
1921 წლის თებერვალში დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ, ფიზიკურად გაანადგურა დეპუტატების დიდი ნაწილი, ხოლო შემდგომ ტოტალიტარულმა რეჟიმმა მეთოდურად ამოშალა თაობების მეხსიერებიდან საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებლების სახელები.
ალბომი დაიბეჭდა სამოქალაქო კამპანიის მიერ შეკრებილი შემოწირულობებით – მოქალაქეების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და კერძო და სახელმწიფო ინსტიტუტების თანადგომამ და საავტორო გუნდის სამოხალისეო მუშაობამ, თითქმის საუკუნის შემდეგ, შესაძლებელი გახადა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების სახელების საჯარო სივრცეებში დასაბრუნებლად ეს სიმბოლური ნაბიჯი გადადგმულიყო.
წარდგინებაზე საავტორო ჯგუფის წარმომადგენლები და მკვლევრები ისაუბრებენ პირველი რესპუბლიკის ისტორიის შესაწვლის მნიშვნელობასა და პრობლემატიკაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები