ედუარდ კოკოითიმ ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივლა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა დე ფაქტო ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივლა. კოკოითის რამდენიმე დღის წინ „საპრეზიდენტოა“ არჩევნებში მონაწილეობაზე რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.
„ჩვენ სარჩელი შევიტანეთ უზენაეს სასამართლოში. ვიმედოვნებთ, რომ უმაღლესი სასამართლო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას გააუქმებს“ – განაცხადა კოკოითის საარჩევნო შტაბის უფროსმა სერგეი ხარებოვმა.
ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კოკოითს რეგისტრაციაზე უარი 4 მარტს უთხრა. “საარჩევნო კომისიამ“ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ კოკოითი ბოლო წლებში ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე არ ცხოვრობდა, ასევე მან განაცხადის შევსებისას კომისიას რამდენიმე ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.