ირაკლი კობახიძე საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს კოძიასი მიიღო.
ირაკლი კობახიძემ მინისტრს მადლობა გადაუხადა საბერძნეთის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, ვიზალიბერალიზაციის საკითხის დადებითად დასრულებაში მინისტრის პირადი წვლილისთვის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული მხარე აფასებს ქართველი მიგრანტებისადმი საბერძნეთის მთავრობის დახმარებას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მ.წ. 20 აპრილს საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი აღინიშნება. მხარეების შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა სტრატეგიული ურთიერთობები, რაც მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს, მათ შორის, ენერგეტიკას, კულტურას, ტურიზმს, თავდაცვას, განათლებას, საინფორმაციო უსაფრთხოებას და სხვა საკითხებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მომდევნო კვირას საქართველოს პარლამენტში დაკომპლექტდება საბერძნეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე აქტიურად იმუშავებს.
ირაკლი კობახიძემ საბერძნეთის საგარეო მინისტრს საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა, ასევე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, მართლმსაჯულების გაძლიერების და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის მიმართულებით გატარებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტუმარს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს მკაფიოდ გამოხატულ დასავლურ კურსს ადასტურებს 2016 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საგარეო პრიორიტეტების შესახებ. ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს, რომლის მიზანია წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშე დაძაბულობის შემცირება.
მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით საბერძნეთში მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები