ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად, შესაძლოა 1 წლით ჩამოერთვას

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის და მისი თანმდევი კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვა. საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, ითვალისწინებს მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის დაკავშირებას და უკონტაქტო პატრულირების შემოღებას.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, უკონტაქტო პატრულირებას განახორციელებენ პოლიციის ავტომანქანები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, თუმცა პოლიციის ეს ავტომობილები იქნება საპატრულო პოლიციის დაქვემდებარებაში ანუ იმ ქვედანაყოფის დაქვემდებარებაში, რომელსაც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლებამოსილება არ აქვს.
„ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს საპატრულო დეპარტამენტის დირექტორი დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც განსაზღვრავს მარშუტებს,” -აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, სადაც პოლიციის აღნიშნული ავტომობილები იმოძრავებენ, ყველა შესასვლესა და გასასვლელში იქნება დამონტაჟებული ამოსაცნობი ნიშნები, იმის თაობაზე, რომ ამ მონაკვეთზე ხორციელდება უკონტაქტო პატრულირება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტში ჩაიდო ვადა, რომლის თანახმად, ინფორმაცია, რომელიც გადაღებული იქნება ამ წესით მოძრავი ავტომობილების მიერ, უნდა განადგურდეს 24 საათის განმავლობაში მისი გადაღებიდან.
ახალი რეგულაციის დამტკიცების შემთხვევაში, ნასვამ მძღოლს მართვის უფლება არა 6 თვით, არამედ ერთი წლით ჩამოერთმევა. შალვა ხუციშვილის თქმით, ქულების შემცირების გამო, მოხდება ერთი წლით მართვის მოწმობის შეჩერება და არა გაუქმება, ხოლო ვისაც სურვილი ექნება ამ ერთი წლის განმავლობაში აღიდგინოს მართვის მოწმობა, უნდა ჩააბაროს გამოცდა.
„მივესალმები ასეთ დიდ მხარდაჭერას ამ ცვლილებებისადმი როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე პოლიტიკური ძალების მხრიდან და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს არის ცვლილებები და რეგულაციები, რომელიც ჩვენ გვაძლევს ისტორიულ შანსს, შევამციროთ გზებზე სიკვდილიანობა, ტრავმატიზმი და ეკონომიკური დანახარჯები, რომელიც მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასებებით, წელიწადში დაახლოებით ნახევარ მილიარდს შეადგენს”,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.
საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში დეპუტატებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები