გოგა ხაინდრავა “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო იან კელის და გიორგი მარგველაშვილს აკრიტიკებს ​

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლემ მიიღო აბსოლუტურად უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ “რეპორტიორის” პრესკლუბში განაცხადა და აღნიშნულ მოსამართლეს ანგაჟირებული უწოდა.
ამასთან, ხაინდრავას ვარაუდით, სტრასბურგის მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, ამ საქმემ, რომელიც მთლიანად სიცრუესა და სიყალბეზე იყო დაყრდნობილი, შესაძლოა, სამართლებრივი ველიდან პოლიტიკურ სიბრტყეში გადაინაცვლოს.
„იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს სტრასბურგის მოსამართლეთა პალატა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საქმე არ დარჩება სამართლის სფეროში და ის გადაინაცვლებს პოლიტიკურ სიბრტყეში“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ. ამასთან, გოგა ხაინდრავა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით „პოლიტიკური ლობიზმი“ გამოიყენა, რითაც საკუთარი ქვეყნის ადმინისტრაციის ოფიციალურ კურსს შეეწინაღმდეგა. ხაინდავამ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ასევე გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მას „კომედიანტი“ უწოდა.
როგორც ხაინდრავამ განაცხადა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას დანაშაულებრივი პოლიტიკით ცდილობს.
„სწორედ ეს არის „რუსთავი 2“-ის მიზანიც, ის არის პარტიული რუპორი და არავითარი კავშირი თავისუფალ მედიასთან არ აქვს, რაც ძალიან კარგად იცის ბატონმა იან კელიმ. ეს ასევე, იცის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც კომედიანტად გადაიქცა, იმიტომ, რომ ის განცხადებები, რაც გუშინ მოვისმინეთ, სხვას ვერაფერს დაარქმევ თუ არა უნიჭო კომედიანტობას. გიორგი მარგველაშვილი იმ ინსტიტუტების შეურაცხმყოფელად იქცა, რომლის გარანტიც თვითონ უნდა იყოს.
უზენაესი სასამართლოს იმ 9 მოსამართლიდან, რომელმაც ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე, 4 გიორგი მარგველაშვილის წარდგენილია, 5 კი – „ნაციონალური მოძრაობის“. მათი დამანგრეველი განცხადება გააკეთა მარგველაშვილმა. მისმა სპიკერმა კი მადლობა გადაუხადა იმ ევროპას, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა საქართველში თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობა.
ეს მარაზმიც აღარ არის, ეს არის პოლიტიკური სიბეცე. იმ ჯგუფმა, რომელმაც თავი მოიყარა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გაგებაში არ არის სად ცხოვრებს, რას წარმოადგენს, რა დაავალა ქართველმა ხალხმა. ეს გაუთავებელი კეკლუცობა და პოლიტიკური პატივმოყვარეობა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კონსტიტუცია ერთ კაცს არ უნდა ერგებოდეს, ხომ ყველამ კარგად იცის, რომ გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად პიროვნულად არავის არ აურჩევია. ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად აირჩია „ქართული ოცნების“ კანდიდატი, რომლის სახელი და გვარი იყო გიორგი მარგველაშვილი. არათუ პრეზიდენტად არ აირჩევენ მომავალში გიორგი მარგველაშვილს, არამედ იმ სასახლის სახლმართველადაც არ აირჩევენ, სადაც ის ცხოვრობს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები