ალექსანდრე ჯეჯელავა: მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის შემდეგ ევროპელ კოლეგებს მედიათავისუფლებაზე წუხილი არ ექნებათ

 ვიცე-პრემიერი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება. როგორც ჟურნალისტებს ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის შემდეგ ევროპელ კოლეგებს მედიათავისუფლებაზე წუხილი არ ექნებათ.

„დღეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მედიათავისუფლებას საქართველოში რაიმე საფრთხე ემუქრება, ჩვენი აზრით, არ შეესაბამება სიმართლეს და არის არასრულ ანალიზზე დაფუძნებული.
ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ საერთაშირისო საზოგადოება, ევროპელი ექსპერტები და ავტორიტეტები ჩაერთვებიან და ადგილზე გააანალიზებენ მედიაში არსებულ მდგომარეობას, სტანდარტებს და პროცესების მიმდინარეობას, ყველა წუხილი, მათ შორის ის წუხილი, რომელზე დაფუძნებითაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო შემაჩერებელი გადაწყვეტილება, ყველა საკითხს პასუხი გაეცემა და შესაბამისად, ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ვის მოსაზრებებსაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და ანგარიშს ვუწევთ, აღარ ექნებათ ასეთი წუხილი,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის იდეით გამოდის. ამასთან დაკავშირებით პრემიერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

“გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები. მე დღეს საჯაროდ ვიწვევ სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის მედიაექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით და საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი. ამ ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედიაგარემოსა და მისი განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც “რუსთავი 2”-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე “საზოგადოებრივ მაუწყებელში” და ზოგადად, მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს.
ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისთვის, ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენი ინსტიტუტების დაცვით და მათი გაძლიერებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები