დაკავებული დეკანოზის ჩვენების სკანდალური დეტალები – „მოიტანეს ჩემი ჩანთა და მითხრეს, რომ ციანიდი აღმოჩნდა“

“დაკავებული დეკანოზის ჩვენების სკანდალური დეტალები” – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ ე.წ. ციანიდის საქმეზე სტატიას აქვეყნებს. ​
გამოცემასთან დაკავებული დეკანოზის ადვოკატები ვრცლად საუბრობენ. „კვირის პალიტრის“ ამავე სტატიაში დეკანოზის ჩვენებიდან ფრაგმენტია მოყვანილი.
„დილის ექვს საათზე მოხდა ჩემი აყვანა. იმ დილით აეროპორტში ჩემმა მძღოლმა მიმიყვანა. ჩავაბარე ბარგი. ჩანთა და ორი ყუთით საპატრიარქოს ღვინოები მიმქონდა გერმანელი ექიმებისთვის საჩუქრად. გავიარე რეგისტრაცია და შემდეგ ფოიეში ვიჯექი, ველოდებოდი, როდის დაიწყებოდა თვითმფრინავში ჩასხდომა, გამოაცხადეს ჩასხდომა, გავედი გარეთ და ჩავჯექი ავტობუსში, რომელსაც თვითმფრინავამდე უნდა მივეყვანე. ავტობუსში რამდენიმე ადამიანი იჯდა, ჩემთვის უცხო პირები იყვნენ, ბუნებრივია, მე ისინი მგზავრები მეგონა, დავჯექი სკამზე და უცებ დამეტაკნენ, ერთმა უკნიდან პირზე ხელი ამაფარა, სახეში მომკიდა ხელი, მერე ხელები გამიკავეს და ხელბორკილები დამადეს. უცებ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, გაგიჟებული ვეკითხებოდი, რა ხდება-მეთქი. არც ერთს პოლიციელის ფორმა არ ეცვა.
ასე ხელბორკილდადებული გამიყვანეს აეროპორტიდან და ჩამსვეს მანქანაში. ვკითხულობდი მიზეზს. საჭესთან ვინც იჯდა, იმან მითხრა, იცი, რისთვის ხარ დაკავებულიო? რისთვის, ამიხსენი-მეთქი, პირდაპირ მომახალა, შენ პატრიარქი უნდა მოგეწამლაო და მაშინ მითხრეს, რომ დაკავებული ვიყავი პატრიარქის მოწამვლის მცდელობისთვის. გაოგნებული ვიყავი. მიმიყვანეს პროკურატურის შენობაში, სანამ ეზოში ჩვენი მანქანა შევიდოდა, მანამდე ჯიპი შევიდა, მერე ჩვენც შევედით და მანქანა გაჩერდა. იმ ჯიპიდან გადმოვიდა საშუალო სიმაღლის მამაკაცი, მეც გადმომიყვანეს მანქანიდან, ის მამაკაცი გამეცნო როგორც მამუკა ვასაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მკითხა, იცი, რისთვის ხარ დაჭერილიო? ვუთხარი, რომ გაურკვეველი იყო ჩემთვის, თუ რაზე მაკავებდნენ. მისგან მივიღე პასუხად იგივე – პატრიარქის მოწამვლას აპირებდიო და ამიტომ ხარ დაკავებულიო. ამის მერე შემიყვანეს შენობაში და როცა შევიტყვე, რას მაბრალებდნენ, დუმილის უფლება გამოვიყენე. დაკავებიდან 6 საათი იქ ერთ ოთახში ვიყავი გამოკეტილი და ჩემთან ადვოკატი 6 საათის მერე გამოჩნდა. მომხდარით აღშფოთებული ვიყავი. იქ 6 საათი ყველაფერი შემიზღუდეს, მერე მოიტანეს ჩემი ჩანთა და მითხრეს, რომ ციანიდი აღმოჩნდა… მერე ბრალი რომ მომიტანეს, მაშინ გავიგე, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამდეს ბრალი. ეს ტყუილია და თავს წაყენებულ ბრალდებებში დამნაშავეს არ ვცნობ”, – აღნიშნავს დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები