პრემიერი: იანვარი ძალიან წარმატებული იყო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით
“ჩვენ კარგი სტარტი ავიღეთ წელს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარი იყო ძალიან წარმატებული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის იანვარის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს გამოეხმაურა და მას პოზიტიური შედეგი უწოდა.
„იანვარი იყო ძალიან წარმატებული. 5,2%-იანი მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა გახლავთ ძალიან მისასალმებელი შედეგი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ პარამეტრის გაანალიზების დროს, ჩვენ ვნახულობთ არაერთ ძალიან მნიშვნელოვან მაჩვენებელს. მაგალითად, ექსპორტი 44.7%-ით გაიზარდა იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ყველა პარამეტრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, დღგ-ს ბრუნვა თითქმის 21%-ით არის გაზრდილი, 33 %–ით არის გაზრდილი ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა. ბევრი დადებითი პარამეტრია– გაზრდილია ტურიზმის მაჩვენებლები. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დასაწყისი გვაქვს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.