ირაკლი კობახიძე ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების თავიდან აცილების საუკეთესო მექანიზმად საპარლამენტო სისტემის არსებობას მიიჩნევს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების თავიდან აცილების საუკეთესო მექანიზმად საპარლამენტო სისტემის არსებობას მიიჩნევს და აცხადებს, რომ საპარლამენტო სისტემა სამ ძირითად საყრდენზე დგას- ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო.
როგორც კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, საპარლამენტო მმართველობის სისტემის შენარჩუნება ერთადერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში არსებობს.
„ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ჩვენი ხედვის თანახმად, ვინარჩუნებთ არსებულ საპარლამენტო სისტემას. დღეს მოქმედებს საქართველოში საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ჩვენ ვთქვით, რომ ერთადერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება სწორედ მმართველობის ფორმას შეეხება. ჩვენ ვაპირებთ არსებული საპარლამენტო მმართველობის ფორმის შენარჩუნებას. როდესაც 2010 წელს განხორციელებული რეფორმა შეფასდა ვენეციის კომისიის მიერ, მაშინ აღინიშნა, რომ მთავარი პროგრესული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, სწორედ საპარლამენტო სისტემისკენ სვლას ეხებოდა. ვენეციის კომისია რომც არ იყოს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო სისტემა დემოკრატიისთვის, პლურალიზმისთვის ბევრად მეტ გარანტიებს ქმნის, ვიდრე საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საპარლამენტო სისტემის შენარჩუნება უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. საპარლამენტო სისტემა არის საუკეთესო მექანიზმი იმისათვის, რომ ჩვენ, გრძელვადიან პერსპექტივაში, გამოვრიცხოთ ყოველგვარი ტიპის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება და განვითარება ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ეს არის ის საერთო გადაწყვეტილება, რომელზეც არის აგებული ის მოდელი, რომელიც ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ“, – განაცხადა კობახიძემ.