ირაკლი კობახიძე: მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი არჩევის წესის ჩატარების მომხრეა
“მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი არჩევის წესის ჩატარების მომხრეა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში შეთანხმებული ყველა ნორმა და ყველა ახალი რეგულაცია, შეიძლება, ერთდროულად არ ამოქმედდეს.
„ჩვენ გვქონდა მსჯელობა მმართველ გუნდში, ხელმძღვანელობის დონეზე, ეს მსჯელობა ჯერჯერობით არ შემდგარა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში, გაფართოებულ დონეზე და მე შემიძლია გაგაცნოთ ამ მსჯელობის შედეგები, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ საერთო სისტემა. რა თქმა უნდა, ჩვენი წარმოდგენაც ვერ იქნება თავისი მნიშვნელობით საბოლოო დატვირთვის. კომისია არის შექმნილი იმისთვის, რომ განვაგრძოთ მსჯელობა, უბრალოდ, ჩვენი საერთო ხედვა გვინდა წარმოგიდგინოთ, რომლის საფუძველზეც, შეიძლება, გაგვიადვილდეს ცალკეულ ნორმებზე და ზოგადად, სისტემაზე მსჯელობა.
ვიდრე სისტემის აღწერაზე გადავალთ, მანამდე აღვნიშნავ, რომ გარკვეული რეგულაციების ამოქმედება, პოლიტიკური კონტექსტის და პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვადასხვა ფაქტორზე, ანუ ყველა ნორმა და ყველა ახალი რეგულაცია, შეიძლება, ერთდრულად არ ამოქმედდეს. თუ რას შეიძლება შეეხებოდეს ეს ყველაფერი, მოგვიანებით დავაკონკრეტებ. ვიტყვი მაგალითად, რომ ერთ-ერთი ასეთი საკითხი შეიძლება იყოს საპრეზიდენტო არჩევნები. ერთ-ერთი მთავარი სპეკულაციის საგანი იყო საპრეზიდენტო არჩევნები. ხშირად იყო საუბარი იმაზე, თითქოს მთავარი და ერთადერთი მიზანი ამ კომისიის შექმნის და რეფორმის გატარებისა იყოს ის, რომ ჩვენ არ მიგვეცა მოქმედი პრეზიდენტისთვის ხელახლა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი სპეკულაციებისთვის საბაბიც კი არ უნდა დავტოვოთ. აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდის ხელმძღვანელობის პოზიცია არის ის, რომ სასურველია, ასეთი სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, ჯერ ჩატარდეს პირდაპირი არჩევნები და შემდეგ გადავიდეთ იმ სისტემაზე, რომელზეც ჩვენ შეიძლება შევჯერდეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.