გამოფენა „პეტრე ჩაიკოვსკის თეატრი“ გაიხსნება

3 მარტს, 18 საათზე,  ხელოვნების სასახლეში, მსოფლიო მნიშვნელობის კომპოზიტორის – პეტრე ჩაიკოვსკის გამოფენა  „პეტრე ჩაიკოვსკის თეატრი“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ხელოვნების სასახლის ფონდებში დაცული ჩაიკოვსკის თბილისურ პერიოდთან დაკავშირებული უნიკალური მასალა, ასევე კომპოზიტორის სახელმწიფო მემორიალური მუზუმ-ნაკრძალიდან ჩამოტანილი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი რარიტეტული აფიშები, პროგრამები, ფოტოები, წერილები და სხვა.
პეტრე ჩაიკოვსკის მუსიკა განსაკუთრებული ღირებულების მატარებელი გახდა მისი გამორჩეულად მდიდარი ჰარმონიებისა და მელოდიურობის გამო. ეროვნულ სახალხო მელოდიებთან შერწყმით იგი ეფექტურად იყენებდა საერთაშორისო ელემენტებს, რის გამოც ნამუშევრები სხვა რუს კომპოზიტორებთან შედარებით გაცილებით დასავლური იყო. ჩაიკოვსკის ნაწარმოებები შექმნილი აქვს მუსიკალური შემოქმედების ყველა დარგში.
აღსანიშნავია ჩაიკოვსკის საქართველოში ყოფნის პერიოდი. კომპოზიტორის ცნობილი ოპერები მის სიცოცხლეშივე დაიდგა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. 1886-1890 წწ. იგი ხუთჯერ ეწვია საქართველოს, სადაც შექმნა ისეთი ცნობილი საორკესტრო სიუიტა, როგორიცაა: „მოცარტიანა“, „სექსტეტი“, „მოგონებები ფლორენციაზე“. ბორჯომში ყოფნის დროს იგი მუშაობდა ბალეტ „მძინარე მზეთუნახავზე“.
გამოფენა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, პეტრე ჩაიკოვსკის სახელმწიფო მემორიალური მუზუმ-ნაკრძალისა და საქართველოს ხელოვნების სასახლის ორგანიზებით იმართება,  28 მარტამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები