ქართველი ახალგაზრდები ბრიუსელში ნატოს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდებიან

18 ქართველი სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფი 8-12 მარტს, ევროსტრუქტურებში მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება.
ახალგაზრდები, რომელთა დიდი ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, „ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის“ ორგანიზებით, სასწავლო-აკადემიურ ვიზიტში იღებენ მონაწილეობას.
სამუშაო-გაცნობითი ვიზიტი ქართველი სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაეცნონ და შეისწავლონ ევროკავშირის ინსტიტუტები და მათი მუშაობის თავისებურებანი.
„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროკომისიაში, ევროპარლამენტში, ევროპის სოციალურ და ეკონომიკურ კომიტეტში, ასევე ნატოს შტაბ-ბინაში.
გარდა აღნიშნული სტრუქტურების მონახულებისა, ჩვენ საშუალება გვექნება პირადად შევხვდეთ და გავესაუბროთ არაერთი მაღალი რანგის ევროპელ პოლიტიკოსსა და თანამდებობის პირებს“. – განაცხადა „კვირასთან“ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა გიორგი ბენაშვილმა.
შეხვედრების შინაარსი მჭიდროდ უკავშირდება საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციის საკითხებს, მომავალ ვიზა-ლიბერალიზაციას, აკადემიურ და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.
სტუდენტებს საშუალება ექნებათ პირადად დაუსვან კითხვები მოწვეულ თანამდებობის პირებს და მიიღონ მათგან პასუხები სხვადასხვა საინტერესო თემაზე.
სასწავლო ვიზიტის დასასრულს, ქართველი ახალგაზრდები ბრიუსელის ლუვენის უნივერსიტეტსაც ესტუმრებიან. სადაც მათ ადგილობრივ სტუდენტებთან და პროფესორებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ დაგეგმილ შეხვედრებს უერთდებიან ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში სასწავლებლად წასული ქართველი ახალგაზრდებიც.
„ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის“ მიერ ორგანიზებული სასწავლო ვიზიტის მხარდამჭერი და პარტნიორია ბელგიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იანა მაისურაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები