შეუთვალა თუ არა წყევლა დეკანოზმა პროკურორს – ადვოკატი განმარტებას აკეთებს

ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განმარტა, თუ რა სახის ჩანაწერი გადასცა მან აღნიშნული საქმის პროკურორებს.
„მამა გიორგიმ დაწერა და მე პროკურორებს გადავეცი ასეთი ჩანაწერი: თუ მქონდა ციანიდი და თუ ვაპირებდი პატრიარქის, შორენას თუ სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას, მაშინ ამ წყევლით იცხოვროს ჩემმა შთამომავლობამ, თუ არადა, თქვენმა“,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მისივე განმარტებით, ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორებს აღნიშნული ჩანაწერი თავად დეკანოზის თხოვნით გადასცეს.
„შესაძლოა, ასე საუბარი სასულიერო ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“, – აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული პოზიციის დაფიქსირებით, დეკანოზმა ჩვენების მიცემაზე ამ ეტაპზე, უარი თქვა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღესაც ჩაიშალა. როგორც ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსულმა პროკურორებმა განაცხადეს, ბრალდებულმა მათ კითხვებს კვლავ თავი აარიდა და ისინი დაწყევლა.
„იმის ნაცლად, რომ ჩვენი კრიტიკული შეკითხვებისთვის პასუხი გაეცა, მან წყევლა შემოგვითვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას კრიტიკულ კითხვებზე პასუხი არ აქვს“, – აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.
ჯარჯი წიკლაურის თქმით, პროკურატურა განიხილავს მამალაძის ადვოკატების წერილობით მიმართვას ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილებას მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები