ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის მედლებით დაჯილდოვდნენ (ფოტოკოლაჟი)
ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შტაბ-ბინაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის XI ბატალიონის გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის მედლებით დაჯილდოვდა. ქართული ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იურგენ ვაითმა, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, გენერალ-მაიორმა მარტინ სმიტმა, საშტაბო უზრუნველყოფის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა პიეტრო ტორნაბენმა, ლოგისტიკის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა ედუარდ პენტამ და საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა რიჩარდ კაიზერმა „მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილეობისთვის ნატოს მედლებით დააჯილდოვეს.
დაჯილდოების ცერემონიალს „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შტაბ-ბინის ხელმძღვანელი პირები და ბაზაზე მომსახურე კოალიციური ძალების სამხედროები დაესწრნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული საერთაშორისო მისიაში ოქტომბრის თვიდან მონაწილეობს. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შტაბ-ბინის შიდა და გარე პერიმეტრების დაცვა, ასევე, ბაზაზე მყოფი მაღალი რანგის პირების და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.