როდის გამოქვეყნდება მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შესახებ გამოტანილ გადაწყვეტილებას ხელახლა განიხილავს. სასამართლოს დიდმა პალატამ პირველი სხდომა 8 მარტს დანიშნა. ცნობილია, რომ მერაბიშვილის საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლე ნონა წოწორიაც, რომელიც თავად მონაწილეობდა მერაბიშვილთან დაკავშირებით საქმის თავდაპირველ განხილვაში და იმ განაჩენის გამოტანაში, რომელიც მოგვიანებით, ქართულმა მხარემ გაასაჩივრა.
ხელახალ განხილვაში მისი მონაწილეობა, სტრასბურგის სასამართლოს წესებიდან გამომდინარე, აუცილებელიცაა, რადგანაც იგი საქართველოს წარმოადგენს და დიდ პალატას სწორედ მან უნდა გააცნოს, თუ ზოგადად, სამართლებრივად რა ვითარებაა საქართველოში, როგორია ქართული კანონმდებლობა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და ა.შ.
იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ, რომ იგი დიდი პალატის წევრი იქნება, თუმცა ამბობენ, რომ პოლიტიკურ შეფასებებს ვერ გააკეთებენ და არ ისაუბრებენ ამ განხილვებზე წოწორიას ფაქტორის გავლენასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 13 სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მერაბიშვილთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ყოფილი მინისტრის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, თუმცა კითხვებს ბადებდა 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული სარჩელის განხილვას დათანხმდა სასამართლო და მერაბიშვილის საქმე დიდ პალატას გადაეცემა.
ნონა წოწორია, რომელიც მერაბიშვილის საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის 1 თებერვალს დაინიშნა და 9 წლის ვადით არის არჩეული, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წელს მას სტრასბურგში მოსამართლეობის ვადა გაუვიდა. თუმცა როგორც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინა წარმომადგენელი – მინდია უგრეხელიძე “მთელ კვირასთან” აცხადებს, წოწორიას მერაბიშვილის საქმის განხილვაში მონაწილეობის სრული უფლება აქვს, რადგან ის ეროვნული მოსამართლეა.
“წოწორიას საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება იმ შემთხვევაში არ ექნება, თუ მოსამართლედ დანიშვნამდე იყო რაიმენაირად დაკავშირებული მერაბიშვილთან.
მისივე თქმით, წოწორია სტრასბურგში მოსამართლედ დანიშვნამდე “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერი იყო, თუმცა მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ, მას თავისი პარტიული კუთვნილებისა და პოლიტიკური გემოვნების დავიწყება ევალებოდა. უგრეხელიძე იმედს გამოთქვამს, რომ წოწორიამ ეს შეძლო, თუმცა დარწმუნებული არ არის.

წყარო: “რეზონანსი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები