ადვოკატი: იმედს ვიტოვებთ, რომ მამა გიორგი მამალაძის ჩვენება რეალურად დააფიქრებს პროკურატურას

იმედს ვიტოვებთ, რომ მამა გიორგი მამალაძის ჩვენება რეალურად დააფიქრებს ამ საკითხზე პროკურატურას და დაიწყებს სხვა ვერსიებზე მუშაობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ  ე.წ. „მატროსოვის ციხიდან“ გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
ადვოკატის განმარტებით, მამა გიორგი გამოძიებასთან თანამშრომლობს და მან პროკურატურის ძალიან ბევრ შეკითხვას უპასუხა. ფანცულაიას თქმით, დაკითხვის პროცესი შესაძლოა ხვალვე გაგრძელდეს.
„დაკითხვა გაგრძელდა 8 საათის განმავლობაში, დაკითხვის პროცესი არ შეიძლება იყოს 8 საათზე მეტი და მაქსიმალური დრო იქნა გამოყენებული. მიუხედავად ამისა, იმდენად ზღვა ინფორმაციაა იმის თაობაზე, რაზეც მამა გიორგი მამალაძე აპირებს, რომ ჩვენება მისცეს,  დღეს ვერ მოესწრო. უახლოეს დღეებში, შესაძლოა ხვალვე, გაგრძელდეს დაკითხვის პროცესი. მამა გიორგის ჩვენება უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს გამოძიებისთვის, პროკურატურაშიც დაფიქრდებიან წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, იმ ინფორმაციებიდან გამომდინარე რომელიც მან მიაწოდა გამოძიებას.
შინაარსობრივ მხარეზე მე ვერ ვსაუბრობ, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მამა გიორგი მამალაძის ჩვენება რეალურად დააფიქრებს ამ საკითხზე პროკურატურას და დაიწყებს სხვა ვერსიებზე მუშაობას“, – განაცხადა ფანცულაიამ.
ამასთან, ადვოკატის თქმით, მამა გიორგი მამალაძე პროკურატურის რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემამდე მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს.
„იყო რამდენიმე კითხვა, რომელიც ზოგადად ამ თემას ეხებოდა, რაზეც გიორგი მამალაძემ ამ ეტაპზე თავი შეიკავა პასუხებისგან მარტივი მიზეზის გამო, ის ითხოვს პროკურატურისგან ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მაქსიმალურ უსაფრთხოებას და ჩვენ წერილობით უნდა მივმართოთ საგამოძიებო უწყებას. უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ, შესაძლებელი იქნება უკვე ამ კითხვებსაც გაეცეს პასუხები“, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები