ირაკლი მამალაძე: მამა გიორგი მამალაძის ეკლესიის მმართველობაში მოსვლის შემთხვევაში, მაღალ თანამდებობას მპირდებოდნენ

„ციანიდის საქმის” მთავარმა მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ „ასავალ-დასავალთან” ვრცლად ისაუბრა საქმის გარშემო მიმდინარე საკითხებზე. მისი თქმით, საუბარი დეკანოზ გიორგი მამალაძესა და მას შორის 20 იანვარს შედგა. ირაკლი მამალაძემ იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რატომ სთხოვა დეკანოზმა მას ციანიდის შოვნა.

„საზოგადოების დიდმა ნაწილმა კარგად იცის, რომ მე ვიყავი საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრი და დაახლოებით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ვცხოვრობდი ბოლნისში, კერძოდ, კაზრეთში, სადაც კომპანია „არემჯი გოლდი” ახდენდა ოქროს მოპოვებას. საყოველთაოდ ცნობილია ისიც, რომ სწორედ ოქროს მოპოვების დროს ხდება მიწიდან ციანიდის დიდი რაოდენობით ამოღებაც და შემდგომში ამას სჭირდება მკაცრი მონიტორინგი, რათა გარემოზე ტოქსიკური ზემოქმედება არ მოხდეს.

თავიდან, როცა მამა გიორგიმ გამოკითხვა დამიწყო, „არემჯი გოლდში” ვინმეს ხომ არ იცნობო, ვუთხარი, ბოლნისში არის მეუფე ეფრემი, რომელსაც, როგორც ვიცი, მაგ კომპანიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მას სთხოვეთ-მეთქი, რაზეც მიპასუხა – ეფრემს და ვიღაცებს ვერ ვენდობიო!” – ამბობს მამალაძე.

როგორც მამალაძე აღნიშნავს, თუ დეკანოზი გიორგი და მასთან დაკავშირებული ჯგუფი ეკლესიის სათავეში მოვიდოდნენ, მაშინ ირაკლი მამალაძეს მაღალ საერო თანამდებობაზე დანიშნავდნენ.

„საპატრიარქოში მაღალ საერო თანამდებობას მპირდებოდნენ იმ შემთხვევაში, თუკი მამა გიორგი მამალაძე და მასთან დაკავშირებული ჯგუფი მოვიდოდა ეკლესიის მმართველობაში! დიახ, მათ სწორედ ეს გეგმა ჰქონდათ და ციანიდიც ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო! მამა გიორგი მამალაძე იმაზეც საუბრობდა, რომ იგი იერარქიულად დაწინაურდებოდა! კონკრეტული მაღალი სასულიერო იერარქიც დამისახელა, რომლის ადგილსაც უმიზნებდა!” – აცხადებს ირაკლი მამალაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები