„არ გამოვრიცხავთ, რომ გიორგი მამალაძის ქმედება, შესაძლოა, სხვა პირების წინააღმდეგაც ყოფილიყო მიმართული“

“ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ გიორგი მამალაძის ქმედება, შესაძლოა, სხვა პირების წინააღმდეგაც ყოფილიყო მიმართული. გამოძიება მუშაობს რამდენიმე მიმართულებით”, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში „ციანიდის საქმის“ მწარმოებელი პროკურორი ჯარჯი წიკლაური აცხადებს.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვის მიმართ შეიძლებოდა ყოფილიყო მიმართული ბრალდებულის ქმედება. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ გიორგი მამალაძის ქმედება, შესაძლოა, სხვა პირების წინააღმდეგაც ყოფილიყო მიმართული. გამოძიება მუშაობს რამდენიმე მიმართულებით“, – აცხადებს პროკურორი.
რაც შეეხება დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებებს, რომ ჩანაწერში არ არის საუბარი არც ციანიდზე და არც კონკრეტული პირის, მით უმეტეს, სასულიერო პირის მკვლელობის ორგანიზებაზე, პროკურორი აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ აუდიო-ვიდეოჩანაწერებში, გიორგი მამალაძე ლაპარაკობს სწორედ მომწამვლელი ნივთიერების – ციანიდის შეძენასა და მის გამოყენებაზეა ადამიანის წინააღმდეგ.
„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ შეკრებილია არაერთი მტკიცებულება და მათ შორის, სასამართლოს ნებართვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეოჩანაწერებიც, სადაც გიორგი მამალაძე ლაპარაკობს სწორედ მომწამვლელი ნივთიერების – ციანიდის შეძენასა და მის გამოყენებაზე ადამიანის წინააღმდეგ. ადვოკატების განცხადება, რომ ჩანაწერებში არ არის ლაპარაკი ციანიდზე, ორი გარემოებით შეიძლება აიხსნას: მათ ზუსტად იციან, რომ აღნიშნული ჩანაწერები არის უტყუარი მტკიცებულება ბრალდებულის წინააღმდეგ და მიზანმიმართულად უარყოფენ ამ ფაქტს, რაც არის დაცვის მხარის ტაქტიკა, ან შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ადვოკატები საქმის მასალებს არ გასცნობიან. რაც შეეხება სახალხო დამცველის განცხადებას, ეს იყო სახალხო დამცველის საოცარი „სამართლებრივი“ მიგნება. მან აღნიშნა, რომ ინფორმაცია, რომელიც ბრალდებულისგან მიიღო, თურმე, ეწინააღმდეგება პროკურატურის ვერსიას. როდესაც ბრალდებული არ აღიარებს მისთვის ბრალად წაყენებულ ქმედებას, ბუნებრივია, პროკურატურისა და ბრალდებულის პოზიცია ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვა, რადგან ერთი მხარე ბრალმდებელია, ხოლო მეორე -ბრალდებული“, -აცხადებს ჯარჯი წიკლაური.
მისი თქმით, ბრალდებულმა განზრახ შექმნა პირობები დანაშაულის ჩასადენად.
„ბრალდებულმა განზრახ შექმნა პირობები დანაშაულის ჩასადენად, კერძოდ, მან წინასწარ გამოძებნა დანაშაულის იარაღი -მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი, წინასწარ შეიძინა თვითმფრინავის ბილეთები გერმანიის მიმართულებით , რის შემდეგაც მიემგზავრებოდა დანიშნულების ადგილას, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით. ამდენად, ბრალდებულმა ყველა პირობა შექმნა იმისთვის, რომ ჩანაფიქრი განეხორციელებინა, რაც ცალსახად მიუთითებს განზრახ მკვლელობის მომზადების სტადიაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი მამალაძის ქმედება არ გადასულა მცდელობის სტადიაზე, რადგან მას არ დასცალდა დანიშნულების ადგილზე გამგზავრება და ვერც დანაშაულის იარაღი, კერძოდ, ციანიდი გამოიყენა კონკრეტული პირის წინააღმდეგ“, -აღნიშნავს ჯარჯი წიკლაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები