„მამა მიქაელსაც დავუკავშირდი და ჩემი ოჯახის წევრის განცხადების გამო, ბოდიში მოვუხადე“

 “დაცვის ხელმძღვანელის შეცვლა პატრიარქმა გადაწყვიტა, თუმცა ეს სოსოს თხოვნაც იყო – მან პატრიარქს სთხოვა”, – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს. „დაცვის ხელმძღვანელის შეცვლა პატრიარქმა გადაწყვიტა, თუმცა ეს სოსოს თხოვნაც იყო – მან პატრიარქს სთხოვა, საგამოძიებო პროცესების დასრულებამდე, ხელმძღვანელის პოსტიდან გარიდების უფლება მიეცა. როგორც პატრიარქის უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, თავად აიღო პასუხისმგებლობა პროცესებზე, რადგან პროკურატურის განცხადება გარკვეულწილად სწორედ მის უფლებამოსილებას უკავშირდებოდა“, -აცხადებს მეუფე დიმიტრი.
ამასთან, დიმიტრი შიოლაშვილი საგამოძიებო პროცესებში სასულიერო პირების ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს.
„პირადად მე, არ ვფიქრობ, რომ საგამოძიებო პროცესებში სასულიერო პირების ჩართვა აუცილებელია, რადგან ამას იურისპრუდენცია არ ცნობს. პატრიარქს აქვს სურვილი, ყველაფერი ობიექტურად გამოიძიონ, რასაც მოუთმენლად ველოდები. სხვა გზა და გამოსავალი არ მაქვს“, -აცხადებს მეუფე დიმიტრი.
რაც შეეხება სოსო ოხანაშვილსა და მამა მიქაელ ბოტკოველს შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას, მეუფე დიმიტრი მიიჩნევს რომ, ისინი ვნებათაღელვას აჰყვნენ.
„ვფიქრობ, სოსო ოხანაშვილი და მამა მიქაელ ბოტკოველი ვნებათაღელვას აჰყვნენ. ამის გამო, სოსო ოხანაშვილს შენიშვნაც მივეცი და ვუთხარი, რომ მამა მიქაელის მისამართით არაკორექტული განცხადება გააკეთა. შემდეგ მამა მიქაელსაც დავუკავშირდი და ჩემი ოჯახის წევრის განცხადების გამო, ( სოსო ოხანაშვილი მეუფე დიმიტრის სიძეა) ბოდიში მოვუხადე“, -აცხადებს მეუფე დიმიტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები