ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა

„შევთანხმდით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ პარლამენტს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გამყარდება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, რომელსაც კონგრესმენი პიტერ როსკამი ხელმძღვანელობს, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა პრესისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს და შეხვედრაზე განხილული თემების შესახებ ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დელეგაციის შემადგენლობაში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე – გერი კონოლი და საქართველოს მეგობარი კონგრესმენები არიან. პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს კონგრესის მიერ 2016 წელს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობასა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომელთა მიზანია ქვეყნის განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ასევე, ეკონომიკის გაძლიერება, კანონის უზენაესობის კიდევ უფრო გამყარება და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია. საქართველოს პარლამენტი მრავალი წელია, აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის კონგრესთან ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი თანამშრომლობა ემსახურება პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, ეფექტიანობის გაზრდას. ამასთან დაკავშირებით, ამერიკელ მეგობრებთან ვიმსჯელეთ საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების გაღრმავების კონკრეტულ შესაძლებლობებზე. შევთანხმდით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ პარლამენტს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გამყარდება”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძეს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, დელეგაცია საქართველოში კონგრესისგან მკაფიო გზავნილის გადმოსაცემად ჩამოვიდა.
„ჩვენ აქ ვართ, რომ ძალიან მკაფიო გზავნილი გადმოგცეთ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისგან და ეს გზავნილი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ჩვენ დადებითად ვაფასებთ იმ გადაწყვეტილებებს, რასაც საქართველო იღებს დემოკრატიის განვითარების გზაზე. ჩვენ ვაღიარებთ, რომ არის ზეწოლა ავტორიტარული რეჟიმებისგან თქვენს საზღვართან ახლოს. ნაბიჯები, რომელსაც საქართველო განვითარებისთვის, დემოკრატიული პრინციპების შენარჩუნებისთვის და დასავლურ დემოკრატიაში ინტეგრაციისთვის დგამს, ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პიტერ როსკამმა, რომელიც კონგრესში „რესპუბლიკურ პარტიას” წარმოადგენს.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატები აფასებს საქართველოს მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში.

„ აღტაცებული ვართ და არნახულად დიდ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მონაწილეობას სამშვიდობო ოპერაციებში, ტერორიზმთან და სხვა რეაქციულ ძალებთან ბრძოლაში, ავღანეთში თუ მსოფლიოს სხვა კუთხეში”, – აღნიშნა კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები