დავით ნარმანია: ვერ ეღირსებიან, 1-ელ მარტს საკრებულოში არ მივალ

“ვერ ეღირსებიან, მე ოთხშაბათსაც არ მივალ საკრებულოში, რადგან ამ შოუს არ უნდა მოჰყვეს გაგრძელება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლების საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც საკრებულოში მის გამოცხადებას ითხოვენ.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ქალაქში უამრავი საქმეა გასაკეთებელი და პოლიტიკური შოუსთვის არ სცალია.
“გუშინ პოლიტიკური შოუ არ შედგა და ჩვენმა უმრავლესობამ ღირსეულად უპასუხა მათ მიერ წამოწყებულ იმ ცალკეულ ცინიკურ საკითხებს, რაზეც ჩვენ ღირსეული პასუხი გვაქვს. ქმედებები, რაც ჩვენი მხრიდან განხორციელდა თავის დროზე, იყო კანონიერი, ყველა წესისა და პროცედურის დაცვით. სწორედ ამიტომ, ამ ყველაფრის გაგრძელებას ცდილობენ, რომ ჩემი ძალით მისვლა მოხდეს საკრებულოში. თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვერ ეღირსებიან, მე ოთხშაბათსაც არ მივალ საკრებულოში, რადგან ამ შოუს არ უნდა მოჰყვეს გაგრძელება.
გუშინ კიდევ ერთხელ გამოვაქვეყნეთ საკითხის მთელი აღწერილობა, რითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ვართ ცამდე მართლები. ქალაქში უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. პოლიტიკური შოუსთვის მე არ მცალია და ვერ ვიცლი. კარგი ამინდებია, უამრავი საქმეა გასაკეთებელი ქალაქში, გამოვიყვანეთ ყველა სამსახური და ვმუშაობთ. ასე რომ, ამისთვის ნამდვილად არ გვცალია”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის საკრებულოს ოპოზიცია გუშინ, საკრებულოს სხდომაზე დავით ნარმანიას მისვლასა და მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის საკითხზე მათთვის ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვდა. თბილისის მერი საკრებულოში არ მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები