კონგრესმენი დევიდ პრაისი: ჩვენ დავბრუნდებით სახლებში, რათა ჩვენს კოლეგებს ვუთხრათ, რომ საქარველოში ნამდვილად პროგრესია

„ჩვენ დავბრუნდებით სახლებში, რათა ჩვენს კოლეგებს და ამომრჩევლებს ვუთხრათ, რომ საქართველოში ნამდვილად პროგრესია“, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, ის და მისი კოლეგები ძალიან კმაყოფილნი არიან იმ შეხვედრითა და დიალოგით, რომელიც ქართველ კანონმდებლებთან გაიმართა. როგორც დევიდ პრაისმა განაცხადა, ის საქართველოში ორი წლის წინ იმყოფებოდა და დღევანდელი ვიზიტის შემდეგ, ის ხედავს, რომ ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ცვლილება მოხდა.
”ჩვენი საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობა 10 წლის წინ დაიწყო და ჩვენ შევეცადეთ, შეგვეტანა პარლამენტში ჩვენი გამოცდილება, საპარლამენტო მშენებლობის თვალსაზრისით. პარლამენტი არის წარმომადგენლობითი დაწესებულება. იგი ძალზედ ეფექტურად მოქმედებს, მოქმედებს სახალხო სურვილის, სახალხო სწრაფვის გამოხატვით, მაგრამ ამავე დროს, ეს არის მრავალმხრივობის, მრავალფეროვნების გამოხატულების საშუალება, მათი აზრების, ვინც უმცირესობაში არიან და შესაბამისად, საქართველოც გაუყვება ამ მრავალფეროვნების, მრავალმხრივობის გზას. ნამდვილად აღტაცებულები ვართ საქართველოთი, იმ ბრძოლით, რომელსაც თქვენ უკვე მრავალი წელია აწარმოებთ. იმ მხარდაჭერით, რომელსაც თქვენ ეწევით ავღანეთში, სადაც 31 ქართველი მებრძოლი დაიღუპა სამშვიდობო ოპერაციებისას. ნატოსთან ერთად, თქვენი საქმიანობა ნამდვილად იმსახურებს ყველაფერ დადებითს. საქართველომ ბევრს რამეს მიაღწია უკვე. თქვენ მიიღებთ უვიზო რეჟიმს, თავისუფალი მოგზაურობის საშუალებას ევროპის ქვეყნებში და ეს ძალზე მნიშვნელოვანია ორმხრივი დადებითი ურთიერთობების განვითარებისთვის, არა მხოლოდ შენგენის მასშტაბით, არამედ ევროპის დანარჩენ ქვეყნებშიც. ჩვენ დავბრუნდებით სახლებში, რათა ჩვენს კოლეგებს და ჩვენს ამომრჩველებს ვუთხრათ, რომ საქარველოში ნამდვილად პროგრესია, წინ მიიწევს ქვეყანა და რასაკვირველია, წარმატებას ვუსურვებთ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და შემდგომი განვითარების ასპარეზზე”, – განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა, დევიდ პრაისმა.
საქართველოს პარლამენტს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია სტუმრობს. დელეგაციის შემადგენლობაში კონგრესმენები: პიტერ როსკამი (ილინოისი), დევიდ პრაისი (ჩრდილოეთ კაროლინა), ჯერი კონოლი (ვირჯინია) და ადრიან სმიტი (ნებრასკა) შედიან. დელეგაციას დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეხვდა. კონგრესმენები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები