ექვთიმე თაყაიშვილის მიერ სამხრეთ საქართველოში არქეოლოგიური ექსპედიციისადმი მიძღვნილი ალბომი გამოიცემა

წელს ყველაზე ყველაზე გამორჩეულ ქართულ სამეცნიერო ექსპედიციას 100 წლის იუბილე უსრულდება, 1917 წელს ექვთიმე თაყაიშვილის მიერ სამხრეთ საქართველოში არქეოლოგიური ექსპედიცია მოეწყო და ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ რეალურად პირველად მაშინ აღმოაჩინა ტაო-კლარჯეთი და მისი დიდებული არქიტექტურა.
ამ ექსპედიციის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მასალა საქართველოს ხელოვნების სასახლეშია დაცული. ამ მასალის უმეტესი ნაწილი ფართო საზოგადოებისთვის (და არა მარტო) უცნობია, მალე 1917 წლის ექსპედიციისადმი მიძღვნილი დიდი  ალბომი გამოიცემა. ამ ინფორმაციას ხელოვნების სასახლის ფეისბუქის გვერდი ავრცელებს.
გიორგი კალანდია განმარტავს:
„პირველი, ვინც შესაშური ერთგულებით მხარში დაგვიდგა, ბატონი ზვიად კორძაძე იყო. ბრწყინვალე ადამიანი, ფინანსურადაც შეგვეწია და შესანიშნავი საჩუქარიც გაუკეთა თანამედროვე საქართველოს – ექვთიმეს ხელნაწერი შრიფტად აქცია, ასე რომ ახალი წიგნი-ალბომი ექვთიმეს კალიგრაფიით იქნება აკრეფილი. მერე იყო „საქართველოს ფოსტა“, მისი გამორჩეულად კარგი ხელმძღვანელი ლევან ჩიკვაიძე და ჩვენი ძვირფასი მეგობარი ეკა ხვადაგიანი, რომ არა ისინი ალბათ ალბომს რეალობად ვერ ვაქცევდით.
ჩვენს დიდ ალბომში შედის არა მარტო ხელოვნების სასახლეში დაცული უნიკალური მასალა. არამედ ასეთივე ძვირფასი ექსპონატები, რომლებიც დავანებულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში – ეს ცალკე თემაა: დავით ლორთქიფანიძე ამ საქმის დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარი აღმოჩნდა, მადლობა მას ამისათვის.
რამდენიმე დღეა ვფიქრობ, რომ ამ წიგნის გაკეთება თუნდაც იმიტომ ღირდა, რომ უფრო კარგად გამეცნო ეროვნული მუზეუმის შესანიშნავი თანამშრომლები: ნინო ჩიხლაძე, ნინო გედევანიშვილი და ნინო ცინცაძე (იმ სართულზე, სადაც მე ვიმუშავე, სულ 7 ნინო იყო), კიდევ საუკეთესო რესტავრატორები, რომელთა გვარები, სამწუხაროდ, არ ვიცი, კიდევ ერმაკოვის ფონდის სუპერპროფესიონალი სპეციალისტები! მოკლედ ეს ხალხი ცალკე საგანძურია, რომელთაც განსაკუთრებული მოვლა და მოფერება სჭირდებათ, ძალიან დასაფასებელია მათი ღვაწლი. დიდი მადლობა ჩემს რაფოს, შესანიშნავ ფოტოგრაფსა და ხელოვანს!
ასე რომ, ამ ადამიანების მხარდაჭერითა და ჩვენი მეცადინეობით იმედი მაქვს, რომ სულ მალე 1917 წლის ექსპედიციისადმი მიძღვნილი დიდი წიგნი გამოვა, სადაც პირველად მოიყრის ერთად თავს ფოტოები, ნახაზები, ნახატები, ბარელიეფები და ქანდაკებები. ვგეგმავთ ამ ექსპედიციისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციასაც ხელოვნების სასახლეში. ასე, რომ, ძვირფასო მკითხველო, სულ მალე ექვთიმე თაყაიშვილის საოცარ სამყაროში მოგზაურობა გელით – ამ სამყაროს კი ტაო-კლარჯეთი ჰქვია“, – აღნიშნავს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები