ზურაბ აბაშიძე: სერგეი ლავროვის სიტყვები არ არის მართებული

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, არამართებულს უწოდებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც ის სამხრეთ კავკასიას “ბოევიკების” მარშრუტად აფასებს.
აბაშიძის განცხადებით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, რაზეც ტურისტების რეკორდული რაოდენობა მიუთითებს, მათ შორის რუსეთიდან.
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის მხრიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის პრეროგატივაა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით.
„2016 წლიდან სავიზო რეჟიმი გამარტივდა. ცოტა ხნის წინ, ასევე, მოვისმინეთ რუსეთის მხრიდან, რომ მიმდინარეობს მუშაობა სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების მიზნით. ქართულმა მხარემ, გამომდინარე ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან, გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთთან, რამაც გამოიწვია ტურისტების მნიშვნელოვანი ზრდა – დაახლოებით ერთი მილიონი ტურისტი ჩამოვიდა რუსეთიდან, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან უსაფრთხოების მაჩვენებელი მაღალია.
ლავროვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება ბოევიკების, ტერორისტების, ექსტრემისტების ადგილი, ეს არ არის მართებული. ამგვარად, რუსეთის მხარის გადასაწყვეტია, რა სავიზო რეჟიმს აირჩევს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს მათი პრეროგატივაა. მივესალმებით თუ გამარტივდება ან გაუქმდება ეს სავიზო რეჟიმი”, – აღნიშნა აბაშიძემ მთავრობის სხდომაზე.
რაც შეეხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, აბაშიძის თქმით, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან.
“დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა პირდაპირ კავშირშია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, კონფლიქტური რეგიონების თემასთან. სანამ არ მოხდება წინსვლა, ეს საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება”,- განაცხადა აბაშიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უვიზო რეჟიმის ამოქმედება საკმაოდ რთული საკითხია.
“ჩვენ კმაყოფილი ვართ იმით, რომ ურთიერთობები მაინც რეგულირდება, ტვირთბრუნვა იზრდება, ფართოვდება საავიაციო კავშირის გეოგრაფია. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს რთული საკითხია, რომელიც არა მარტო დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობას, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას უკავშირდება. არა მხოლოდ ცენტრალური აზია, არამედ ამიერკავკასია, ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონები, იქცა მარშრუტად , რომლის გამოყენებასაც ბოევიკები, ექსტრემისტები, ტერორისტები და ნარკოდილერები აქტიურად ცდილობენ”, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები