ბინალი ილდირიმი: საქართველო თურქეთისთვის უმნიშვნელოვანესი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია

 საქართველო თურქეთისთვის უმნიშვნელოვანესი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ქართველ კოლეგა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის მთავარი თემა სხვადასხვა სფეროში საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობა იყო, რომელიც პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა.
პრემიერ-მინისტრებმა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრეს, ასევე, დაადასტურეს მზადყოფნა, გაძლიერდეს თანამშრომლობა საერთაშორისო მნიშვნელობის ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის “სამხრეთის დერეფნის” წარმატებით განხორციელების მიმართულებით.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ბინალი ილდირიმმა გიორგი კვირიკაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ სახელმწიფო მეთაურთა სამიტზე მიიწვია, რომელიც სტამბოლში 22 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები