„ჩვენ ვართ ძალიან პოზიტიურად, ოპტიმისტურად განწყობილები“- პრემიერი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდა. შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მზადაა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას ხელი შეუწყოს. მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვაშინგტონში შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორი და მოკავშირეა და აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობის გაღრმავებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია. მაიკ პენსმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
„ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან, რომელთანაც გვქონდა საგნობრივი საუბარი ჩვენი მომავალი ურთიერთობების შესახებ. ვიცე-პრეზიდენტისგან მივიღეთ არაორაზროვანი, ძალიან მკაფიო გზავნილები, რომ საქართველო რჩება უმნიშვნელოვანეს პარტნიორად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ვისაუბრეთ ჩვენი ურთიერთობების მომავალ პერსპექტივაზე. დავგეგმეთ ასევე მომავალი შეხვედრა, რომელიც შედგება აპრილში აშშ-ში; მთლიანად შეხვედრის სულისკვეთება იყო ძალიან პოზიტიური. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელ პერიოდში შედგა საგარეო და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა, სადაც ასევე იყო ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ, ჩვენ ვართ ძალიან პოზიტიურად, ოპტიმისტურად განწყობილები ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კუთხით და ვფიქრობთ, რომ ეს ურთიერთობები ახალ დინამიკას შეიძენს მომავალში“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები