დიდთოვლობის გამო, ხულოში 6 საჯარო სკოლასა და 12 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა

ხულოში, დიდთოვლობის გამო, 6 საჯარო სკოლასა და 12 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა. ამის შესახებ „კვირას“ ხულოს გამგებელმა, ბესიკ ბუაჩიძემ განუცხადა. მისი თქმით, ხულოში ამ წუთებშიც ინტენსიურად თოვს, რის გამოც გზებზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება შეფერხებულია.
ბესიკ ბუაჩიძის ინფორმაციით, დაბა ხულოში თოვლის საფარი 1 მეტრს აჭარბებს, დაბის მიმდებარე სოფლებში – 2 მეტრს, ხოლო ზემო სოფლებში 3 მეტრს აღწევს.
„ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 49 საჯარო და 1 კერძო სკოლაა. დიდთოვლობის გამო, 6 საჯარო სკოლაში შეწყდა სასწავლო პროცესი. თაგოს, ზემო ვაშლოვანის, ქედლების, ირემაძეების, სხალთის და წაბლანის საჯარო სკოლებში სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები ადგილზე მივიდნენ, თუმცა მოსწავლეების გამოუცხადებლობის გამო, სასწავლო პროცესი ჩაიშალა. გაცდენილ საათებს ავანაზღაურებთ შაბათი დღის ხარჯზე“, – აღნიშნა ბესიკ ბუაჩიძემ.
მისივე თქმით, ამინდის გაუარესების გამო, სწავლის პროცესი შეწყდა ზოგიერთ საბავშვო ბაღშიც.
„სულ 13 ბაღი გვაქვს. დღეს მუშაობს მხოლოდ ერთი – სოფელ კვატიის საბავშვო ბაღი. ამ ბაღის მიმდებარედ ცხოვრობენ ოჯახები, გაკვალეს გზა და მიიყვანეს ბავშვები ბაღში. ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ, მსგავსი უხვთოვლიანობის დროს, ბავშვები არ მიიყვანონ ბაღებში“, – აღნიშნა ბესიკ ბუაჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები