რომსა და მილანში ქართული წიგნის კუთხეები გაიხსნება

„ჩვენი მიზანი და ამბიცია ქართული კულტურის საზღვარგარეთ გატანაა. წიგნის კუთხეები 25 ქვეყანაში გავხსენით. ამიერიდან ათობით ქალაქში წიგნებს უფრო ადვილად გავაგზავნით, შესაბამისად, ერთი მხრივ, ქართველ ემიგრანტებს, მათ საკვირაო სკოლებს დავეხმარებით და, მეორე მხრივ, უცხოელებს დავანახვებთ ჩვენი კულტურის მნიშვნელობას’’, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.
ამ პროექტის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, 15 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია ”ინექსფონს” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს: ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და „ინექსფონის” წარმომადგენელმა რატი ახვლედიანმა.
მემორანდუმის თანახმად, „ინტელექსპრესი” და მის ჰოლდინგში შემავალი კომპანიები: „ინექსფონი”, „ინექს გრუპი”, „ინექსთრეველი”, „დიადემა“ და „გიუაანი” ჩაერთნენ ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობაში, რომელიც საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების გახსნას გულისხმობს. უახლოეს მომავალში ეროვნული ბიბლიოთეკა, „ინექსფონისა” და ,,ინექს თრეველის” მხარდაჭერით (კომპანიები ქართული კუთხეებისთვის წიგნებს შეიძენს და მის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს), რომსა და მილანში, იქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტების თხოვნით, ქართული წიგნის კუთხეებს გახსნის.
ჰოლდინგის წარმომადგენელი რატი ახვლედიანი: „ჩვენი საქმიანობა, ძირითადად, ემიგრანტებს უკავშირდება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ადვილად და აქტიურად იკონტაქტონ სამშობლოსთან. ამდენად, მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ მსგავს ღონისძიებასა და აქციაში. რომსა და მილანში ქართული წიგნის კუთხეების გახსნა ჩვენი ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია. იმედი გვაქვს, მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები