შსს-მ სასამართლოს ნიკა გვარამიას მოწმის სახით დაკითხვის საკითხზე შუამდგომლობით მიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა გვარამიას მოწმის სახით დაკითხვის საკითხზე შუამდგომლობით მიმართა. ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 159-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით). ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“2016 წლის 4 ოქტომბერს www.youtube.com-ზე გამოქვეყნებულ იქნა ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის პირადი საუბრის ამსახველი ჩანაწერი – „ნიკა გვარამია ჰპირდება მოქმედ მოსამართლეს 6 მილიონიდან წილს“.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ჩატარდა კომისიური (ფონო) ვიდეოსკოპიური ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ვიდეოჩანაწერი ვარგისია ხმის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციისთვის, ჩანაწერზე არ აღინიშნება რაიმე სახის მონტაჟის კვალი, ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებულია ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის ხმები, ხოლო მესამე პირი, რომელიც საუბარში მონაწილეობს, გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელია. გამოკითხვისას, ნიკა გვარამიამ მისი ვინაობა არ დაასახელა.
„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ დამატებით გამოსაკითხად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 14 თებერვალს, 18:00 საათზე იქნა დაბარებული. ვინაიდან ნიკა გვარამიამ საჯაროდ განცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას არ აპირებს და სასამართლოში დაკითხვას მოითხოვს, გამოძიება შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რათა იგი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით იქნას დაკითხული”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები