დეპუტატის თქმით, “რუსთავი 2”-ის გენდირექტორი კვლავ “ნაციონალების” სტილში მუშაობს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ნაციონალების” სტილში განაგრძობს მუშაობას.
მისი თქმით, ნიკა გვარამია და მის უკან მდგომი ადამიანები ცდილობენ, “რუსთავი 2”-ის საქმეს ჩაებღაუჭონ და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზეწოლა მოახდინონ.
“ეს ყველაფერი არის იმის გაგრძელება, რაც არის “ნაციონალების” მმართველობის დროიდან შექმნილი. გვარამია, როგორც მაშინდელი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, აგრძელებს ამ საქმეს. მიჩნდება ეჭვი, რომ ნიკა გვარამია და მის უკან მდგომი ადამიანები, იბრძვიან, რომ რაღაცნაირად ჩაებღაუჭონ “რუსთავი 2″-ს და მოახდინონ სასამართლოზე ზეწოლა, მიაღებინონ არასამართლიანი გადაწყვეტილება და მათი მიზნები შესრულდეს”, – აღნიშნა კილაძემ.
დეპუტატის განმარტებით, შს სამინისტროს განცხადებით, გვარამია-ახვლედიანის საუბრის ფარული ჩანაწერის ნამდვილობა დასტურდება.
“აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გეგმის ნაწილი, რომელიც არის “რუსთავი 2″-თან დაკავშირებული, სავარაუდოდ, ამ გეგმაში ჯდება”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა. უწყების ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ჩანაწერი დამონტაჟებული არ არის, საუბარს უწყვეტ რეჟიმში ასახავს, მასში დაფიქსირებული ხმები კი ნამდვილად მამუკა ახვლედიანს და ნიკა გვარამიას ეკუთვნით.
“რუსთავი 2″–ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას დღეს საღამოს სამართალდამცავები დაკითხავენ.
ახვლედიანსა და გვარამიას შორის არსებული ჩანაწერი 3 ოქტომბერს გავრცელდა.
“რუსთავი 2”-ის მფლობელებს შორის, ტელეკომპანიის ფლობასთან დაკავშირებით, სასამართლო დავა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები