“ისრაელის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობიან”

“2 წლის მანძილზე, შეინიშნება ტენდენცია, რომ ისრაელის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებს უმიზეზოდ აკავებენ”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მარიამ ქობულიამ განაცხადა.
ქობულიას ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს დაწესებული, უკანონოდ ხდება ამ ქვეყნის საზღვარზე საქართველოს იმ მოქალაქეების დაკავება, ვისაც დოკუმენტაცია წესრიგში აქვს. როგორც ქობულია აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეებს ერთი კვირის მანძილზე, ყოველგვარი განმარტების გარეშე აკავებენ.
„ძალიან გახშირდა ისრაელის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების დაკავება. ადამიანებს აკავებენ ყოველგვარი განმარტების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია ქვეყანაში შესასვლელად და წინასწარ გადახდილი აქვთ იმ სასტუმროს თანხა, სადაც გაჩერებას აპირებენ. ისრაელის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობიან. არის შემთხვევები, როცა მათი დაკავება ერთ კვირას გრძელდება და არ აძლევენ ნორმალურ სასმელ წყალსაც კი. ამის შესახებ ინფორმირებულია ისრაელის საკონსულო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჩვენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისგან და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოვითხოვთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი პრობლემის წინაშე შეიძლება ევროპის იმ ქვეყნებთანაც აღმოვჩნდეთ, ვისთანაც უვიზო მიმოსვლას ვგეგმავთ“, – განაცხადა „ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მარია ქობულიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე ინფორმაციით, დაკავების დროს მოქალაქეები მოითხოვენ ბილეთის აღებას და სხვა ქვეყანაში გამგზავრებას, თუმცა, როგორც „ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, მათ არც ამის საშუალება ეძლევათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები