მეუფე იაკობი: თუ ვინმე რამეს აშავებდა, შეიძლება საქართველოში ცხოვრება ავუკრძალოთ

„თუ ვინმე რამეს აშავებდა, არც ჩვენგან არ დარჩებიან უყურადღებოდ. მე პირადად, იმ აზრზე ვარ, რომ შეიძლება საქართველოში ცხოვრება ავუკრძალოთ და გავყაროთ საზღვარგარეთ”, – ამის შესახებ ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში, ბერლინიდან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პატრიარქმა დეკანოზი გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია იცის, თუმცა, პროკურატურის განცხადება არ მოუსმენია და არც არავის უთქვამს.
”ძალიან მძიმე ბრალდებაა, როგორც ხედავთ. ძალიან ბევრია განრისხებული და გაბრაზებული ადამიანი. რომ ჩამოვალთ, ჩვენც ჩავებმებით საკითხის გარკვევაში. რაღაცების საქმის კურსში ვართ. ალბათ ჩვენგანაც მიიღებენ და თუ ვინმე რამეს აშავებდა, არც ჩვენგან  დარჩებიან უყურადღებოდ. მე პირადად, იმ აზრზე ვარ, რომ აქ არ შეიძლება ვინმეზე ხელის დაფარება.
უწმინდესის ხასიათი ვიცი და იტყვის, რომ უნდა ვაპატიოთ ყველას. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება საქართველოში ცხოვრება ავუკრძალოთ და გავყაროთ საზღვარგარეთ”, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.
კითხვაზე, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ შემთხვევაში, სხვა კანონები მოქმედებს, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ „ციხისთვის ყველა ეცოდებათ და “უფრო მძიმეა, როდესაც სამშობლოშიც ვერ დასაფლავდება ადამიანი“.
”გასაგებია, მაგრამ ის უფრო მძიმეა ალბათ, როდესაც სამშობლოშიც ვერ დასაფლავდები ადამიანი მერე. დაჭერისა და ციხისთვის გვეცოდება ხოლმე. კი, დამნაშავეა, მაგრამ მაინც გვეცოდება. პირადულზე როდესაც მიდის, მე ჩემს მკვლელსაც ვაპატიებ მაგალითად. უწმინდესი ჩვენზე მეტად ამაღლებულია”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები