თეა წულუკიანი აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, აზერბაიჯანის უზენაეს სასამართლოს ეწვია, სადაც მას თავმჯდომარე რამიზ რზაევმა უმასპინძლა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს იუსტიციის მინისტრს სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა და მისი ფუნქციონირების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მინისტრმა და სასამართლოს თავმჯდომარემ ორ ქვეყანაში სასამართლოს სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. კერძოდ, საუბარი შეეხო სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემას, მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობას, ასევე, ანტინარკოტიკულ პოლიტიკას.
იუსტიციის მინისტრის ორდღიანი სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანში 10 თებერვალს დაიწყო. თეა წულუკიანი ბაქოში აზერბაიჯანელი კოლეგის მიწვევით ჩავიდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრები გამართა, საგარეო საქმეთა მინისტრთან, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრებთან, არასამთავრობო სექტორთან. მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის − ჰეიდარ ალიევის, ხსოვნას.