ჯაბა სამუშია დათუკიშვილს პასუხობს: საკუთარი გუნდის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გაამახვილოს ყურადღება, მეტ ჭკუას ისწავლის ”ნაციონალური მოძრაობა”
„ეჭვი მაქვს, რომ ხვალ, ზეგ შეიძლება ახალი იდეები მოუვიდეს ”ნაციონალურ მოძრაობას” ამ საკითხთან დაკავშირებით და მათი ფანტაზია უკვე საზღვარს სცილდება“, – ასე პასუხობს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ჯაბა სამუშია საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, მარიკა დათუკიშვილის განცხადებას.
მარიკა დათუკიშვილის თქმით, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი, რომელიც 515 ათას ლარადაა შეფასებული, გაცილებით ძვირად ღირებულია. ჯაბა სამუშია ოპონენტებს ურჩევს, საკუთარი გუნდის მიერ ჩადენილ დანაშაულზე გაამახვილოს ყურადღება. მისი თქმით, მოსამართლე ნაზღაიძის ძმას მშენებლობის ნებართვა ყოფილი მერის, გიგი უგულავას დროს აქვს მიღებული.
”მე ვთვლი, რომ ეს უკვე საზოგადოების შეურაცხყოფაა, რაც ხდება. მე ეჭვი მაქვს, რომ ხვალ, ზეგ შეიძლება ახალი იდეები მოუვიდეს ”ნაციონალურ მოძრაობას” ამ საკითხთან დაკავშირებით და მათი ფანტაზია უკვე საზღვარს სცილდება. მინდა ჩემს კოლეგას მოვუწოდო, რომ დოკუმენტებს ჩახედოს. გამომდინარე იქიდან, რომ არც თბილისის საკრებულოს და არც მერიას არ აქვს უფლება კონკრეტული ნაკვეთის ფასი განსაზღვროს, ჩვენ რა უფლებამოსილება გვაქვს ამის, რა შუაშია საკრებულო ან მერია? მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, სტიქიის ზონაში მოქცეული კონკრეტული ნაკვეთებისა და ქონების შეფასებას, 2015 წლის ივნისიდან მოყოლებული, ახორციელებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რადგან ჩვენ თავის დროზე შევთანხმდით, რომ ზარალი დამოუკიდებელ საექსპერტო ორგანიზაციას შეეფასებინა და არ ყოფილიყო არანაირი ფორმით მონაწილეობა თვითმმართველობის, რადგან მოსახლეობას ჰქონოდა ურთიერთობა დამოუკიდებელ ორგანიზაციასთან”, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მისივე თქმით, შესაბამისად, მიწის ნაკვეთი შეფასებულია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.
” ქალბატონ მარიკას, როცა ბრალდებებზე საუბრობს, მეტი დამაჯერებლობა მართებს. ვთხოვ, აუხსნას საზოგადოებას, ვინ შეიყვანა შეცდომაში. რა გამოდის, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო იტყუება? აბსურდის თეატრს დავემსგავსეთ. ჯერ რაღაც დოკუმენტებზე გვესაუბრებოდა ”ნაციონალური მოძრაობა” და აღმოჩნდა, რომ ეს დოკუმენტები აბსოლუტურად სამართლიანად არის გამართული. მერე კიდევ რა არ მოიფიქრეს. საკუთარი გუნდის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რომ გაამახვილოს ყურადღება, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება და უფრო მეტ ჭკუას ისწავლის ”ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი, რომელიც 515 ათას ლარადაა შეფასებული, გაცილებით ძვირად ღირებულია. დათუკიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ სანდრო ეულის ქუჩაზე, ნაზღაიძისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის მახლობლად მდებარე ნაკვეთზე აუქციონი გამოაცხადა, რომლის საწყისი ღირებულებაც 2 მილიონ 400 ათასი ლარია.