თამარ ხულორდავა: აშშ-ში ვიზიტის დროს, საპარლამენტო დელეგაციამ ბევრი პოზიტიური გზავნილი მიიღო
„ჩვენ მივიღეთ წინადადებები და გარანტიები, იმასთან დაკავშირებით, რომ სენატიც აპირებს მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ აღნიშნა, აშშ-ში ვიზიტისას, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მიიღო გარანტიები, რომ სენატი საქართველოს მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას აპირებს, ისევე, როგორც ეს გასულ წელს კონგრესმა გააკეთა.
„შეგახსენებთ, რომ სექტემბერში, 2016 წლის აშშ-ის კონგრესმა მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია. ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია გახლდათ ეს, რომელიც ორპარტიული მხარდაჭერით იქნა მიღებული. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და ის კონგრესმენები და სენატორები, ვისაც ჩვენ ვხვდებოდით, აფიქსირებდნენ, რომ ეს მხარდაჭერა კვლავაც ძალაშია. უფრო მეტიც, ჩვენ მივიღეთ ასევე, წინადადებები და ასე ვთქვათ, გარანტიები, იმასთან დაკავშირებით, რომ სენატიც აპირებს ასეთი ტიპის მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ”,-აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
მისივე განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართულ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებზე, კონგრესმენებმაც და სენატორებმაც საპარლამენტო დელეგაციას დაუდასტურეს მხარდაჭერა.
„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს აქვს მყარი მხარდაჭერა. საქართველოს ჰყავს მეგობრები და ამას აფიქსირებდა ყველა, ვისთანაც ჩვენ გავმართეთ შეხვედრები. ჩვენი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში არის ორპარტიული”,-აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
დეპუტატის განცხადებით, ყველა შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა.
„ეს გამოიხატება არა მხოლოდ იმაში, რომ ძალიან მადლიერია ამერიკის შეერთებული შტატები იმ წვლილის გამო, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების საკითხებში, არამედ საქართველო განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონში, როგორც საუკეთესო მაგალითი რეგიონში დემოკრატიული განვითარების კუთხით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საერთო ღირებულებების პატივისცემის კუთხით და რაც მთავარია და ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, ეკონომიკური განვითარების კუთხით”,-აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
ხულორდავას ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტის დროს, საპარლამენტო დელეგაციამ ძალიან ბევრი პოზიტიური გზავნილი მიიღო.„ გვაქვს ყველა საშუალება იმისათვის, რომ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, იყოს კიდევ უფრო ყოვლისმომცველი, კიდევ უფრო ახლო, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა”, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.