საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ შეხვედრა გაიმართება
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ შეხვედრა გაიმართება, რომელშიც პარლამენტის წევრები, შსს-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრა 11 თებერვალს, 12:30 საათზე სასტუმრო “ამბასადორში” გაიმართება.
შეხვედრა “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით იმართება.
შეხვედრის მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის პაკეტის გაცნობა.
შეხვედრაზე განიხილება ქულათა სისტემისა და უკონტაქტო პატრულირების, მართვის მოწმობის გაცემისა და ქვეითთა უსაფრთხოების დაცვის საკითხები, ასევე, ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარება. შედგება საგზაო უსაფრთხოების საკითხზე შექმნილი ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში რეფორმის გატარება ხელისუფლებამ პრიორიტეტულად დაასახელა, რადგან ქვეყანაში ავტოპარკის ზრდასთან და საგზაო ინფრასტრუქტურის გაფართოებასთან ერთად, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა. ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 550-600 ადამიანი იღუპება, ხოლო 10,000-მდე ადამიანი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმას იღებს.