თავისუფლების მოედანზე აქციის გამო ავტომანქანებით მოძრაობა შეფერხებულია
ლოზუნგით ”სოლიდარობა მუშებს”, თავისუფლების მოედანზე „აუდიტორია 115“-ის ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რის შედეგადაც, თავისუფლების მოედანზე ავტომანქანებით მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე უსაფრთხოებისთვის მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
აქციას „რუსთავის აზოტის“ ყოფილი თანამშრომლები, სხვადასხვა სტუდენტური გაერთიანებები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები შეურთდნენ.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, მნიშვნელოვანია შეიცვალოს შრომითი კანონმდებლობა, რადგან არსებული სისტემა იცავს არა დასაქმებულის, არამედ დამსაქმებლის ინტერესებს.
მათივე თქმით, ხელისუფლებას აღნიშნულის მოსაგვარებლად საკმარისი დრო ჰქონდა, თუმცა პოლიტიკური ნება არ გამოიჩინეს, რის გამოც მოუწოდებენ გატარდეს დროული რეფორმები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე „საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ შენობასთან არიან შეკრებილი, მოგვიანებით კი მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლებენ.