ლევან დავითაშვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პროექტის – „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეხვდა. შეხვედრას საქართველოში მოქმედი 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
შეხვედრაზე მინისტრმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ აგროსასურსათო სექტორის სავაჭრო ბალანსი გამოსწორდეს, გაიზარდოს სექტორის პროდუქტიულობა და მწარმოებლურობა, დაინერგოს ის სტანდარტები, რომელიც სფეროს განავითარებს სწორი მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია მარკეტინგული კომპონენტებიც, რათა დამატებითი ღირებულების გენერირება საქართველოში ხდებოდეს. ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს.
ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციის სახით წარადგინა 2017 წლის აგრაგული დარგის განვითარების ხედვა, რომელიც 5 ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს. ესენია:
პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება/ეფექტიანობის გაზრდა;
მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარება – შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის გაფართოება, მოდერნიზაცია;
სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების სისტემებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვა;
ფერმერთა კომპეტენციების და კონკურენტუნარიანობის ამაღლება;
საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია – ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს აღნიშნული საკითხები და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დასმულ ყველა შეკითხვას სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.
ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ პროექტით – „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ მხარს უჭერს კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას.