ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, უზენაეს სასამართლოსთან 18:00 საათამდე დარჩნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდა, დღევანდელ აქციაზე 18:00 საათამდე დარჩნენ.
როგორც მელიამ აქციის მონაწილეებს მიმართა, უზენაესმა სასამართლომ ნებისმიერ წამს შეიძლება გამოაცხადოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება.
მისივე თქმით, 18:00 საათზე იწურება სასამართლოს სამუშაო საათები და აქედან გამომდინარე, მან აქციის მონაწილეებს სასამართლოსთან დარჩენისკენ სწორედ 18:00 საათამდე მოუწოდა.
„მიუხედავად სიცივისა, მიუხედავად თოვლისა, ჩვენ უნდა გავძლოთ და უნდა ვიყოთ აქ 18:00 საათამდე, რადგან ნებისმიერ წამს შესაძლებელია, „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოცხადდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა მელიამ.
აქციაზე „რუსთავი 2“-ის ადვოკატებიც იმყოფებიან.
როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განუმარტა, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილება სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში იქნება გამოქვეყნებული.
„ჩვენი საკასაციო საჩივრის განხილვის კანონით გათვალისწინებული ვადა უკვე დარღვეულია, თუმცა ამ კვირაში განხორციელებული ქმედებებიდან და განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ხელისუფლება უახლოეს პერიოდში აპირებს „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ გადაწყვეტილების გამოტანას“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად, რუსთაველის მეტროდან უზენაეს სასამართლომდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.