ჯემალ ჯანაშია: ისეც ნუ ვიზამთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ
უსაფრთხოების ექსპერტი ჯემალ ჯანაშია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს აფასებს და ამბობს, რომ საჭიროა ბალანსის დაცვა ადამიანის უფლებებსა და ქვეყნის უსაფრთხოებას შორის. არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ჯანაშია ფიქრობს, რომ შესაძლოა, არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა ქვეყნისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
„გასაგებია, რომ მოსმენებთან დაკავშირებით, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები. კარგად მესმის, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული. ეს ცალსახაა, მაგრამ ისეც ნუ ვიზამთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. საჭიროა ბალანსის დაცვა ამ ორ ღირებულებას შორის და ერთის ხარჯზე მეორის დაზიანება გაუმართლებელ შეცდომად მიმაჩნია. ჩვენი გეოსტრატეგიული მდებარეობის, არსებული ოკუპაციისა და მთელ მსოფლიოში მომძლავრებული ტერორიზმის საფრთხის გამო, თავი უნდა შევიკავოთ ამ სფეროში გადაჭარბებული ლიბერალიზაციისგან. ეს შეიძლება გაკეთდეს ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენ ფართოდ გაგვიღეს კარი ევროპაში, ვგულისხმობ ვიზალიბერალიზაციას. ეს ჩვენ გვაკისრებს მთელ რიგ პასუხისმგებლობას. არ არის გამორიცხული, ეს შესაძლებლობა ბევრმა არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს ევროპაში მოსახვედრად. ამიტომ, კონტროლის მექანიზმებს უნდა ფლობდეს უსაფრთხოების სამსახური და ის, რასაც ითხოვს არასამთავრობო სექტორი, ამ მიმართულებით, შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს. ჯერჯერობით, ჩვენ ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. ეს ჩვენი სპეცსამსხაურების კარგი მუშაობის შედეგია, მაგრამ თუ მათ ყველა ბერკეტს ჩამოვართმევთ, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ მიმართულებით მუშაობა კვლავინდებურად ეფექტური იქნება“, – აცხადებს ჯემალ ჯანაშია.