დეპუტატი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ – „სად წავიდა ამ წლების განმავლობაში ჩვენი გადასახადების გადამხდელების თანხა“

„ვფიქრობ, რომ პარლამენტი უნდა დაინტერესდეს თუ სად წავიდა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი გადასახადების გადამხდელების თანხა“ – ამის შესახებ „უმრავლესობის დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა „საზოგადოებრივ მაუწყებლის“ რეფორმის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, როდესაც ტელევიზიისთვის 410 მილიონი არის დახარჯული და არხს ცვლილებები არ ეტყობა. ზურაბიანმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” რეიტინგიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ „არხზე კრიზისია“.
„ძალიან არასერიოზული განცხადებები მოვისმინეთ, “საზოგადოებრივ მაუწყებლის” რეფორმის საკითხთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრ დისკუსიაში მიმიღია მონაწილეობა ამ საკითხთან დაკავშირებით და ყოველთვის საზოგადოების მოთხოვნა რჩება ერთადერთი რამ, რომ ამ არხზე მოხდეს რეფორმა და ცვლილებები, რომელიც საჭიროა და აუცილებელი.
ამ წლების განმავლობაში, პირველად ახალი ხელმძღვანელობა გამოდის და საჯაროდ საუბრობს იმ დარღვევების, პრობლემების მძიმე და კატასტროფული ფინანსური მდგომარეობის შესახებ, მაშინვე ოპოზიცია იწყებს აბსოლუტურად უშინაარსო კრიტიკას. ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია, იმ ფონზე, როდესაც 2%-ს ვერ აღწევს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” რეიტინგი და არხზე კრიზისია. როდესაც 410 მილიონი არის დახარჯული და არც ერთი ხელშესახები, თვალით დასანახი რეფორმა და ცვლილება ჩვენ არ დაგვინახავს. რატომ ეწინააღმდეგებით ამ რეფორმას?
უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი უნდა დაინტერესდეს, თუ სად წავიდა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი გადასახადების გადამხდელების თანხა და სად გაიხარჯა ეს ყველაფერი.. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალმა გუნდმა ჩვენ შემოგვთავაზა მთელი ამ პროცესის საჯაროობა და გამჭირვალობა, მესმის, რომ თქვენთვის საჯაროობა და გამჭვირვალობა ზოგადად, დიდი დისკომფორტია, მაგრამ ეს თქვენი პრობლემაა, ჩვენი პრობლემა არ არის. ეს კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს ამ პროცესს და არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს . ისიც მესმის, რომ ეს არის მტკივნეული რეფორმა ნამდვილად და დიდი განხილვები გამოიწვია ამან, მაგრამ ჩვენ გვაქვს ორი ალტერნატივა, ერთი ის, რომ დავსხდეთ ამ დარბაზში და დაველოდოთ, როდის დაასრულებს თავის არსებობას ფატალურად საზოგადოებრივი მაუწყებელი ან მეორე, მივცეთ შანსი, ის წლიური 45 მილიონი ლარი, რომელიც აბსოლუტურად არაეფექტურად იხარჯებოდა წლების განმავლობაში, მივმართოთ იმისკენ და ხელი შევუწყოთ, რომ საბოლოოდ მივიღოთ თანამედროვე კონკურენტუნარიანი ტელევიზია“, – განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები