ვანო ზარდიაშვილი: გიორგი კანდელაკი შოუს დადგმას ცდილობს

დეპუტატი გიორგი კანდელაკი ცდილობს შოუ დადგას, – ამის შესახებ განცხადებას უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი აკეთებს და კანდელაკის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ვანო ზარდიაშვილმა სპეციალურად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძისთვის კანონის ცვლილების ინიცირება მოახდინა.
„გიორგი კანდელაკმა რა თქვა არ მომისმენია, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შოუს ნაწილი იქნება. უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ვადის გაუქმებას ეთანხმება ყველა, პოზიციაც, ოპოზიციაც, ვენეციის კომისიაც, პრეზიდენტიც, შესაბამისად, ახლა რაღაც შოუ დადგას კანდელაკმა, რომ ეს ცვლილებები ხდება ვიღაც პიროვნებისთვის, ეს მოიკითხონ თავის გუნდში. ისინი ის ადამიანები არიან, რომლებიც ერთი ადამიანის ხუშტურის გამო, ვიღაცა დეპუტატი რომ გაეხადათ, საპარლამენტო ასაკი გახადეს 21 წელი. ამ ცვლილებებს ეთანხმება და აღიარებს აბსოლუტურად ყველა ამ ქვეყანაში, შესაბამისად, ეს ცვლილებები ეტაპობრივად გავრცელდება აბსოლუტურად ყველა ინსტანციის ყველა მოსამართლეზე“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.
ფრაქცია “ევროპული საქართველო” „რუსთავი 2“-ის საქმეს უკავშირებს პარლამენტში იმ კანოპროექტის ინიცირებას, რომლითაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა უქმდება უზენაესი სამართლოს მოსამართლისთვის, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს. როგორც კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კანონპროექტის ინიცირების მიზეზი სწორედ „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძესა და მთავრობას შორის დაწყებული მოლაპარაკებაა.
 
“ჩვენი ინფორმაციით, მოსამართლე ჩინჩალაძესა და მთავრობას შორის მიმდინარეობს უკანონო, დანაშაულებრივი მოლაპარაკება. ჩინჩალაძეს გასდის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 წლიანი ვადა, ახლა სურს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა. მოგეხსენებათ, გათვალისწინებულია 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა, თუმცა პარლამენტში შემოტანილია კანონპროექტი, რომლითაც, თუ მოსამართლე წარსულში იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მისთვის უქმდება 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა“, – განაცხადა კანდელაკმა.
 
მისივე თქმით, „გამოსაცდელი ვადის გაუქმება-არ გაუქმების საკითხი ერთია, თუმცა, როცა ეს ცვლილება ერთი კონკრეტული მოსამართლისთვის ხდება, ეს უკანონობაა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები