ფრაქციის თავმჯდომარის აზრით, მე-9 მოწვევის პარლამენტს ისტორიულად კარგი დასაწყისი ჰქონდა

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტს საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი დასაწყისი ჰქონდა.
საშემოდგომო სესიის საქმიანობის შეფასებისას, მამუკა მდინარაძე პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებას დაეთანხმა, რომ გამომდინარე განხილული საკითხების რაოდენობიდან, მიღებული კანონების რაოდენობიდან და მათი მნიშვნელობიდან, ახალი მოწვევის პარლამენტს მუშაობის კარგი დასაწყისი ჰქონდა, რაც სწრაფ განვითარებას უყრის საფუძველს.
“შესაბამისად, როდესაც დასაწყისი კარგია, მოლოდინიც პოზიტიურია. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ამ მოწვევის პარლამენტს, საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი დასაწყისი ჰქონდა, რაც მომავლის იმედს და სწრაფ განვითარებას უყრის საფუძველს”,- განაცხადა “პირველთან” საუბარში მამუკა მდინარაძემ.
ფრაქციის თავმჯდომარემ საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც დაეფუძნება კომისიის რეკომენდაციით გადაწყვეტილებებს, იქნება ისტორიული.
“საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჰქონდეს არა შეკერილ-დაკემსილი კონსტიტუცია, როგორც ამას ბევრი აღნიშნავს, არამედ კონსტიტუცია, რომელიც სწორ, სამართლებრივ პრინციპებზე იქნება აგებული. ვფიქრობ, რომ ახალი კონსტიტუცია ამ ყველაფერს უზრუნველყოფს. შესაბამისად, როდესაც კონსტიტუცია სწორ, სამართლებრივ პრინციპებზეა აგებული, ნებისმიერი კანონი თუ ნორმა, უფრო სწორი რაკურსით განიხილება”,- აღნიშნა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესია დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები