მამუკა ახვლედიანს ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაში საეჭვო ფინანსები ამოუქექეს – რა აკავშირებს მას „ნაციონალ“ ვახტანგ ბალავაძესთან

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის სახელი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიაში ფიგურირებს” ,- ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია კომპანია “Daviton investments”-ზე, რომელიც საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის აშენებას გეგმავდა.
კომპანიის რეალური ბენეფიციარი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მის უკან უკრაინული ბიზნესჯგუფი დგას. როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, კომპანიამ, საქართველოში საქმიანობის მიზნით, დააფუძნა შპს „ჰიდრო ენერჯი ქონსთრაქშენი“, რომლის წილები, საჯარო რეესტრის მონაცემებით, შემდეგნაირად ნაწილდება: 50 პროცენტი-“daviton investments”, 25 პროცენტი შპს – „ფორსი“, რომლის 100-პროცენტიან წილს ფლობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ყოფილი დეპუტატი ვახტანგ ბალავაძე და 25 პროცენტი-შპს „ახვლედიანის საკონსულტაციო ბიურო“, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი მამუკა ახვლედიანია. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში „ჰიდროენერჯი ქონსთრაქშენის“ ოფიციალურ ელფოსტად მითითებულია mamukaakhvlediani@yahoo.de. იგივე ელფოსტაა გამოყენებულია შპს „ახვლედიანის საკონსულტაციო ბიუროს“ რეგისტრაციისას. საგულისხმოა ისიც, რომ „ჰიდრო ენერჯი ქონსთრაქშენის“ იურიდიული მისამართია თბილისი, იყალთოს ქუჩა N26. აღნიშნულ მისამართზე განთავსებული უძრავი ქონება მამუკა ახვლედიანის მეუღლის, ქეთევან აბესაძის საკუთრებაშია.
გამოცემასთან საუბრისას, მამუკა ახვლედიანმა, ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიასთან ყოველგვარი კავშირი უარყო, თუმცა სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს 2016 წლის 30 აგვისტოს “daviton investments”-ის მიერ გაცემული მინდობილობა, სადაც წერია: „ბატონ მამუკა ახვლედიანს მიენიჭოს უფლებამოსილება, კომპანიის სახელით იმოქმედოს და ხელი მოაწეროს ნებისმიერ საბუთს, რომელიც საჭირო იქნება სუბსიდიარი კომპანიის -“ჰიდრო ენერჯი ქონსთრაქშენის“ ჩართვისას. დოკუმენტში, ასევე, ვკითხულობთ, რომ “daviton investments” არის კვიპროსის რესპუბლიკის კანონმდებლობის ფარგლებში დარეგისტრირებული კომპანია. „აჰ, გასაგებია, რაზეც საუბრობთ”, -განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ახვლედიანმა მას შემდეგ, რაც სტატიის ავტორმა „ჰიდრო ენერჯი ქონსთრაქშენ“-ში წილების გადანაწილება დააზუსტა.
„ ეს კომპანია ჯერჯერობით მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს, მას ამ ეტაპზე არავითარი კაპიტალი არ აქვს. მათ სურდათ, საქართველოში განეხორციელებინათ პროექტები და გარკვეული სახის იურიდიული სახის დახმარება მთხოვეს. ჰიდროელექტრო პროექტებზე და ჰესებზეა საუბარი, მაგრამ ჯერჯერობით არავითარი მოქმედება ამ მიმართულებით არ დაუწყიათ“, – აღნიშნა ახვლედიანმა. გამოცემასთან საუბრისას ოფშორულ კომპანიასთან თანამშრომლობას ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვახტანგ ბალავაძეც, თუმცა ამბობს, რომ დაგეგმილი პროექტი არ შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები