ავსტრალიის კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირებს ახალგაზრდების გარყვნაში ადანაშაულებენ
ავსტრალიის კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირთა დაახლოებით 7% ბოლო 60 წლის განმავლობაში არასრულწლოვნების გარყვნაში მონაწილეობდა. ამის შესახებ ავსტრალიის სამეფო კომისია იუწყება.
კომისიის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, 1980-2015 წლებში 4,5 ათასმა ადამიანმა განაცხადა, რომ ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან გარყვნილი ქმედების მსხვერპლი აღმოჩნდა.
კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ჩივილის შემთხვევაში, ბავშვებს არავინ უსმენდა, ხოლო დანაშაულის გამოძიება არ მიმდინარეობდა. საეკლესიო პირები კი ბრალდების შემთხვევაში, სხვა ეკლესიებში განაგრძობდნენ მსახურებას, სადაც მათი წარსულის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ.
კომისიამ ექვსი არქიეპისკოპოსი დაიბარა, რომლებმაც სასულიერო პირთა მხრიდან მსგავსი საქციელი უნდა ახსნან. საბოლოო დასკვნას კომისია წლის ბოლომდე წარმოადგენს.